„მანჩესტერ სიტიმ” სერიოზული საჩემპიონო დარტყმა მიიღო — „ნიუკასლმა” 2:1 მოუგო, მაგრამ პეპ გვარდიოლა კაპიტულაციას არ აპირებს. ნიუკასლელთა თავკაცმა რაფა ბენიტესმა კი თავის ყოფილ კლუბს „ლივერპულს” დიდი საქმე გაუკეთა. ახლა მერსისაიდელებს უნიკალური შანსი აქვთ 29 წლის შემდეგ პირველად გახდნენ ინგლისის ჩემპიონები.
არადა, „ნიუკასლისა” და „სიტის” შეხვედრაში „კაჭკაჭებმა” გოლი პირველივე წუთზე გაუშვეს — სრხიო აგუერომ 24-ე წამზე შეაგდო. ამის მიუხედავად მათ შეძლეს ძალა მოეკრიბათ და ორი საპასუხო გაეტანათ მოქმედი ჩემპიონისთვის.
ამრიგად, თუკი დღეს, საქართველოს დროით შუაღამისას, „ლივერპული” „ლესტერს” დაამარცხებს, ის ცხრილში 7 ქულით დაწინაურდება.
მატჩის შემდეგ გვარდიოლამ თქვა: „რასაკვირველია, გუნდისთვის, რომელსაც ჩემპიონობა უნდა ჩამორჩენა უკვე სერიოზულია, მაგრამ იმავდროულად ჯერ მხოლოდ იანვარია და არა მარტი ან აპრილი. წინ ჯერ კიდევ ბევრი თამაში გველის და ამდენად ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ჩვენ არ დავნებდებით, შევეცდებით მდგომარეობა გამოვასწოროთ”.
შემდეგ გვარდიოლამ თავისი ფეხბურთელები შეაქო და ისიც დასძინა, რომ ის მე-14 ადგილზე მყოფ „ნიუკასლს” ზემოდან სულაც არ უყურებდა.
„მე მიყვარს ეს ბიჭები. იმ ავტორიტეტს, რომელიც ინგლისში მოვიპოვე მათ უნდა ვუმადლოდე. ჩვენ ზედიზედ 8 თამაში მოვიგეთ და 30 გოლი გავიტანეთ. რაც შეეხება ერთი-ორ გაშვებულს, ასეთი რამ ხდება ხოლმე”.
ხოლო ბენიტესმა, რომელსაც „ლივერპულთან” ერთად ჩემპიონობა არასდროს მოუგია, თქვა: „ეს შედეგი მერსისაიდელებს ხელს აძლევს, მაგრამ არ მინდა რაიმე უპატივცემულობა გამოვხატო „მანჩესტერ სიტისა” და მათი გულშემატკივრებისადმი. დღეს ჩვენ ყველაფერი ვიღონეთ რათა დაგვემარცხებინა ისეთი გუნდი როგორიც „მანჩესტერ სიტია”. ეს გუნდი ხომ ყველაფრით არის შემკული. ამ შეხვედრაში ჩემი ფეხბურთელები ერთმანეთისთვის თავდადებით თამაშობდნენ. მე ძალიან ვამაყობ”.