სესკ ფაბრეგასი „ჩელსიდან” „მონაკოში” თავისი ყოფილი თანაგუნდელის ტიერი ანრის გამო გადავიდა, მაგრამ… ვეტერანი ახალ გუნდში 11 იანვარს მივიდა, ანრი კი ორ კვირაში მწვრთნელის თანამდებობიდან დაიფრინეს.
ადრეც მოგახსენეთ, რომ ანრის როგორც მწვრთნელს „მონაკოში” არ გაუმართლა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 21 შეხვედრაში მხოლოდ 15 ქულა მოიპოვა. ფრანგული ფეხბურთის 41 წლის ლეგენდის თავკაცობით საგრაფოს გუნდმა 12 შეხვედრიდან ორის მეტი ვერ მოიგო.
ფაბრეგასს გუნდში მომხდარი ცვლილებების შესახებ კომენტარი თხოვეს. მან ასე უპასუხა:
„ფეხბურთი არავის უცდის. ვინ იცის რა მოხდა. შესაძლოა ანრისთვის ხელსაყრელი მომენტი არ იყო ან მას უბრალოდ დრო არ ეყო თავისი იდეების ხორცშესხმისთვის. რას იზამ, ასეთია ცხოვრება. ყველაფერი ხდება”.
ფაბრეგასმა და ანრიმ „არსენალში” ერთად 2003-2007 წლებში ითამაშეს. საინტერესოა, რომ ჩრდილო ლონდონური კლუბიდან ორივე „ბარსელონაში” გადავიდა.
„ტყუილის თქმას არ ვაპირებ. ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც მე „მონაკოში” გადავედი, ტიერი იყო. მას უნდოდა, რომ მე ყველა შეხვედრაში თავიდან ბოლომდე მეთამაშა. გული მწყდება ტიტის გამო, რადგან ეჭვი არ მეპარება, რომ ის დიდი მწვრთნელი გახდება”.
ახლა „მონაკოს” თავკაცი კვლავ ლეონარდო ჟარდიმია, კაცი, რომელიც ამავე კლუბიდან სულ რაღაც სამი თვის წინ დაითხოვეს.