„ბიჭებო, ვიცი რომ ძალიან გულუხვი ხალხი ხართ, „მანჩესტერ სიტისთვის” არაფერი გენანებათ, მაგრამ ყოველთვის, როდესაც თქვენ ასეთ რამეს წერთ, ჩვენ თამაშს ვაგებთ ან ვბრკოლდებით”, — უთხრა ჟურნალისტებს პეპ გვარდიოლამ, როდესაც მისმა გუნდმა „ბარნლისთან” 5:0 მოგების შემდეგ ფეხბურთის ასოციაციის თასზე კიდევ ერთი ეტაპით წაიწია წინ.

„ასეთი რამ” კი გახლდათ კითხვა, შეძლებს თუ არა „სიტი” მიმდინარე სეზონში ოთხივე შეჯიბრებაში გამარჯვებას — იგულისხმება პრემიერლიგა, ასოციაციის თასი, ლიგის ანუ „კარაბაოს” თასი და ჩემპიონთა ლიგა.

შემდეგ, მანჩესტერელთა მწვრთნელმა სცადა პრესისთვის აეხსნა, რას ნიშნავს ნამდვილად მაღალი კლასის გუნდი და მაგალითები მოიტანა.

„ახლა იანვრის ბოლოა და ჩვენ ჯერ კიდევ ყველაფრის მოგების შანსი გვაქვს. დიდ კლუბებში კი სხვანაირად არის საქმე.  ბევრჯერ მითქვამს, რომ გასული ათწლეულის საუკეთესო კლუბები „ბარსელონა”, „ბაიერნი” და „იუვენტუსი” არიან. რატომ? იმიტომ, რომ ისინი ყოველ სეზონში ჩემპიონები ხდებიან. იმიტომ, რომ ყველას სჯობიან”, — თქვა „ბარსელონას” და „ბაიერნის” ყოფილმა თავკაცმა.

იმან, რომ გვარდიოლამ გასული ათწლეულის საუკეთესო კლუბებს შორის „რეალი” არ დაასახელა, ერთგვარი გაუგებრობა გამოიწვია. ბოლო 10 წელიწადში „რეალი” ორჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი და ოთხჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა (სხვა ტიტულებს თავი რომ დავანებოთ), მაგრამ სავარაუდოდ, ამ შემთხვევაში გვარდიოლას პირით დიდი მწვრთნელი კი არა, კატალონიელი სეპარატისტი ლაპარაკობდა.

პეპი ამბობს, რომ „მანჩესტერ სიტი” მებრძოლი გუნდია და ამ სეზონში კარგად მიდის, მაგრამ ფინიშამდე ჯერ შორია.

„ჩვენ გვინდა ყველა შეჯიბრებაში ბოლო დღემდე შევინარჩუნოთ გამარჯვების შანსი. რაც შეეხება ტიტულის მოგებას, ხან გაგიმართლებს, ხან — არა, მაგრამ მთავარია მუდამ იქ, ზემოთ, გამარჯვებასთან ახლოს ტრიალებდე. სწორედ ამას მინდა „მანჩესტერ სიტისგან” მივაღწიო”.