„მანჩესტერ იუნაიტედმა” ხუან მატას კონტრაქტის ერთი წლით გაგრძელება შესთავაზა. ამით კლუბი ცდილობს ესპანელი თავისუფალი აგენტი არ გახდეს და სხვა კლუბში ისე ვერ გადავიდეს, რომ მას პენიც არ მოუტანოს.

ცნობისათვის: ამბობდნენ, რომ მისი შეძენით „არსენალი” და „ბარსელონა” არიან დაინტერესებული.

მატა 30 წლის არის. ის „მანჩესტერ იუნაიტედში” „ჩელსიდან” 2014 წლის იანვარში 37 მილიონ გირვანქად გადავიდა და ამ ზაფხულს კონტრაქტის ვადა ეწურება.

ესპანელმა „იუნაიტედის” მაისურით 208 შეხვედრა ჩაატარა და 44 გოლი გაიტანა. მისი ხელფასი კვირაში 140 ათასი გირვანქაა.

თუკი ხუან მატა „ოლდ ტრეფორდზე” კიდევ ერთი წლით დარჩება, მისი საბანკო ანგარიში 6,7 მილიონი გირვანქით შეივსება.

„იუნაიტედის” დროებითმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმა რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ კლუბი 28 წლის დავიდ დე ხეასთან და 23 წლის ანტონი მარსიალთანაც აპირებს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე დალაპარაკებას.

ზაფხულში ხელშეკრულების ვადა აგრეთვე გაუდით 29 წლის ანდერ ერერას, 26 წლის ფილ ჯონსს, 33 წლის ანტონიო ვალენსიას, 29 წლის მატეო დარმიანს და 33 წლის ეშლი იანგს, თუმცა ცნობილია, ზოგადად რომ „მანჩესტერ იუნაიტედი” 30 წელს გადაცილებულ ფეხბურთელებთან თანამშრომლობის გახანგრძლივებას ერიდება.