გუშინ ვიიკ-აან-ზეეს სუპერტურნირი მიმოვიხილეთ და ყურადღებიანი მკითხველი სატურნირო ცხრილის ფსკერზე ერთ დროს მქუხარე ვლადიმირ კრამნიკს აღმოაჩენდა. დიახ, მსოფლიოს მე-14 ჩემპიონი კლასიკური ჭადრაკის (ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციათან მოქიშპე) ვერსიით, გარი კასპაროვის დამმარცხებელი, ხოლო შემდგომ გამაერთიანებელ თამაშში ბოლგარ ვესელინ ტოპალოვთან სკანდალურ ანუ “ტუალეტების ისტორიით” დაღდასმულ მატჩში გამარჯვებული საკუთარ თავს არ ჰგავდა იმ პატარა ჰოლანდიურ ქალაქში და აგებდა თითქმის ყველასთან, ვისაც მის წინააღმდეგ მკლავის გაშლა არ დაეზარა.

თურმე, წასვლა ნდომებია. “გადაწყვეტილება ერთი თვის წინ მივიღე და დღეს კი გავაცხადე” – თქვა კრამნიკმა, რომლის საჭადრაკო ბიოგრაფია 2000-2007 წლებში მსოფლიო ჩემპიონობის გარდა სამ ოლიმპიურ და ოლიმპიადებზევე სამ მცირე ოქროს მედალს, აგრეთვე აურაცხელი ოდენობით მოგებულ სუპერტურნირებს მოიცავს.

ტუაფსეში დაბადებული კრამნიკი ბოლო წლებში ზემიღწევებით არ გამორჩეულა, მაგრამ მსოფლიო ჭადრაკისთვის მისი გასვლა პენსიაზე თითქმის კასპაროვის მიერ 2005 წელს ბრძენთა თამაშისთვის თავის დაკვრის მიღებული შოკის ტოლფასი გამოდგა.

ვოვას დიდი ჭადრაკი ძლიერ მოისაკლისებს!

წილი
წინა სტატიაკვირკველია 15 მილიონზე მეტი ღირს
შემდეგი სტატიარაფამ ლივერპულს გზა გაუკაფა
ლაშა გეგეჭკორი
კაცი ჭადრაკსა და გრაფიკულ დიზაინზე შეყვარებული... წერილთქმნის შუალედებში "სარბიელელთა" პატარა, მყუდრო კომპანიებში რედაქტორისგან უჩუმრად კათხა (ბოთლა, ჭიქა...) ლუდის გადამკრავი... ასეთ ადამიანს მეტსახელად 90-იანების სამეგრელო - ზემო სვანეთის მთავარი პროკურორის სახელი რატომ უნდა დაანათლო - ეს მხოლოდ "სარბიელმა" იცის.