იური სიომინმა ხმამაღლა გააჟღერა, რომ მოსკოვის „ლოკომოტივი“ 17 წლის ქართველ ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას იმატებს:
„აზრი არ აქვს იმაზე ლაპარაკს, რომ გუნდის გაძლიერებას ვაპირებთ. სადაცაა, სატრანსფერო ფანჯარა დაიხურება და ხმაურიანი ტრანსფერი ვერ მოესწრება, თუმცა პერსპექტივაზე მუშაობა და ნიჭიერი ახალგაზრდების დამატება ნამდვილად შეგვიძლია. მხედველობაში მყავს 17 წლის ქართველი ნახევარმცველი კვარაცხელია, რომელიც ესპანურ მარბელაში შეკრებაზე შემოგვიერთდება“.
ხვიჩა კვარაცხელია თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია, გასული წლის გაზაფხულზე კი „რუსთავში“ გადაბარგდა. მოსკოვური გუნდის ძირითადი შემადგენლობისკენ გზის გაკვლევა საკმაო დროისა და დიდი ოფლისღვრის საქმეა, თუმცა ამ გზაზე კვარაცხელიას კარგი მეგზურ-მფარველი ეყოლება სოლომონ კვერკველიას სახით.