არის ერთი მიკელ ჰანსენი, ლომისფაფარა დანიელი ხელბურთელი, რომელიც თავის ვიკინგი წინაპრებივით დააფრიალებს ამ ფაფარს აქეთ-იქით და აწიოკებს მთელ მსოფლიოს. გერმანიასა და დანიაში დასრულებული ხელბურთის მსოფლიო პირველობის მთავარ გმირად უეჭველად ამ საშიში კაცის აღიარება ეგების. ჯერ რიცხვები: ნახევარფინალში საფრანგეთთან მოგებული 38:30-ში ჰანსენმა 12 გოლით დაიდო ლომის წილი, ხოლო ფინალში შვიდი გოლით კვლავ თავის ნაკრების მთავარი ბომბარდირი გახდა, მაგრამ ეს ბოლოს იყო…

ნახევარფინალებში დიდი ბრძოლები გაჩაღდა, მაგრამ ვიკიგთა დომინირება რატომღაც არცერთგან დამდგარა ეჭვქვეშ. დანიამ საფრანგეთს პირველივე ტაიმში კომფორტული 6 ბურთით გაუსწრო და მეორეში მეტოქის ახლოს არგაკარების ამოცანასაც წარმატებით გაართვა თავი. ნორვეგიელებს უფრო მისჭირდათ ჰამბურგში, 12500 ქომაგით გაძეძგილ “ბერკლიქარდ არენაზე” მასპინძელ გერმანიის დამარცხება, რადგან ქომაგთა ხმაურით ავარდნილი ქარბუქი ძირითადად მათი იერიშების საპირისპიროდ უბერავდა, თუმც მატჩის ბოლო წუთებზე უკვე ყველაფერი გარკვეული გამოდგა – 31:25.

მეშვიდე და მეხუთე ადგილებისთვის არცთუ მოსაწყენი თამაშების შემდეგ (ესპანეთი – ეგვიპტე 36:31, შვედეთი – ხორვატია 34:28) ბრინჯაოს მედლები გათამაშდა და საფრანგეთმა გერმანიის დამარცხებით შარშანდელი ევროპირველობის შედეგი გაიმეორა. მძიმე თამაში გამოდგა, ორმხრივი გაურკვევლობებით და ბოლო წუთს გადაწყვეტილი შედეგით – ფრანგებმა 26:25 მოიგეს. ჯგუფურ ეტაპზე ამ ნაკრებთა შეხვედრა 25:25-იანი ზავით დასრულდა.

ძვირფასი ვიკინგი მიკელ ჰანსენი

ფინალის სკანდინავიურ დერბიზე ბევრის თქმა ალბათ ვერ გამოვა. პირველ ტაიმში დანია მთელი სიმძიმით დააწვა ზღვისგაღმა მეზობელს და შვიდი ბურთით გაუსწრო. მეორე ტაიმში ჰანსენი და კომპანია დაცვას მიეძალნენ და ცოტა გაიტანეს, მაგრამ კიდევ ნაკლები გაუშვეს, ამიტომ თამაშის დამთავრებამდეც კი ზეიმის დაწყება არ ჩანდა ნაგვიანევი მასპინძელთა სოლიდური უპირატესობის გამო და ქომგებმაც მსაჯის ბოლო ჩასტვენამდე კარგახნით ადრე ატეხეს მხიარული ღრიანცელი – ფინალი 31:22 დასრულდა.

ხოლო მიკელ ჰანსენი: 1. გახდა ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი 72 გოლით და 2. დასახელდა შეჯიბრების საუკეთესო მოთამაშედ. აბა ის ფაფარი ტყუილად კი არ უფრიალებს.

წილი
წინა სტატიაწვეტებიანი სათვალე
შემდეგი სტატიარონალდუ: უცუდესი სტუმარი
დავით გულუა
თუკი მეგრელი პატიოსანი გამოვიდა, ძრწოდეთ კახელებო. ნიჭზე კი ლაპარაკი ზედმეტია. უნიჭო მეგრელი ისტორიაში სულ სამი-ოთხი იყო. ჯანდაბას, ხუთი... დავით გულუა, წესიერ და ნიჭიერ მეგრელთა კატეგორიას განეკუთვნება რომელსაც კიდევ ერთი დიდი პლიუსი აქვს - თხემით ტერფამდე სარბიელელია