ზაფხულის ბაზარი როგორც წესი დომინოს პრინციპს იწვევსო, წერს AS-ის ჟურნალისტი კარლოს ფორხანესი და მაგალითები მოჰყავს: ნეიმარი, დემბელე, კოუტინიუ, ალისონი…
შემდეგ ფორხანესი დასძენს, ზაფხულის დომინოს ზამთრისა მოჰყვება ხოლმეო და იგუაინის, პიატეკის და მორატას ამბავს იხსენებს.
ეს ყველაფერი კი მიმომხილველს იმიტომ სჭირდება, რომ „ტოტენჰემ ჰოთსპურის” პრეზიდენტის დენიელ ლევის ამბავზე გადავიდეს. კერძოდ, „ბარსელონამ” საზაფხულოდ „აიაქსიდან” ფრენკი დე იონგის ტრანსფერი დაიბევა და თურმე გამჭრიახი ლევი ფიქრობს, რომ ამან შეიძლება სწორედ ზემოთ ნახსენები დომინოს პრინციპი აამოქმედოს, რაც მის დანიელ ვარსკვლავ კრისტიან ერიკსენსაც შეეხება.
„ბარსელონა” დე იონგში 86 მილიონ ევროს იხდის. ეს გახლავთ ორი კომპონენტისგან შედგენილი თანხა: ფიქსირებული 75 მილიონი და ეგრეთწოდებული ცვალებადი 11 მილიონი. შესაბამისად, ლევი ერიკსენის ვინმესთვის ამაზე დაბალ ფასად დათმობას არ აპირებს (თუ საერთოდ დაუთმობს ვინმეს). ერიკსენის გარემოცვა კი ვარაუდობს, რომ ვინაიდან დანიელს „სფურზთან” კონტრაქტი 2020 წელს უმთავრდება და მისი განახლების სურვილი არ აქვს, ის ძვირად ვერაფრით გაიყიდება — ფასი ტრანსფერის ვარიანტიდან გამომდინარე 56-დან 84 მილიონი ევროს ფარგლებში ითამაშებს. თუმცა, დიდი შანსია დე იონგის ამბავმა ფასების ზრდა გამოიწვიოს.
ფაქტია, რომ დენიელ ლევი ვაჭრობაში ძნელად მოსატყუებელი კაცია და როგორც წესი ფეხბურთელებს ძვირად ყიდის. გაიხსენეთ ლუკა მოდრიჩის და გარეთ ბეილის „რეალისთვის” მიყიდვის ისტორიები და ის ფაქტი, რომ ბეილში გადახდილი 101 მილიონი ევრო დღემდე „ლოს ბლანკოსის” რეკორდია.
და აი, „რეალი” კვლავ მიადგა „ტოტენჰემს”. ამჯერად, ერიკსენის საყიდლად და როგორ ფიქრობთ, პირველი „მიდგომის” წინ რა ფასი დაადო ლევიმ თავის ფეხბურთელს? არც მეტი, არც ნაკლები 250 მილიონი.
„ტოტენჰემში” კარგად ესმით, რომ ბაზარზე „საქონელი” ძვირდება. ისიც კარგად ახსოვთ, რომ მათ ერიკსენში 2013 წელს სულ რაღაც 12,5 მილიონი ევრო გადაიხადეს. მაშინ დანიელი დღევანდელი დე იონგისა არ იყოს 21 წლისა გახლდათ. „სფურზისთვის” სასარგებლო კიდევ ერთი ფაქტორი გახლავთ ის, რომ ამჟამად ერიკსენი ფეხბურთელისთვის საუკეთესო ასაკშია, 26 წლის არის. და ბოლოს, „რეალი” ლონდონიდან ხელმოცარულ წასვლას არ დაუშვებს — ის ხომ პარალელურად „ჩელიდან” ედენ აზარის გადაბირებას შეეცდება.
ასე რომ, ფულის გაკეთების შანსია…