ადრიატიკის ლიგაში რომ გამორჩეულია 19 წლის კალათბურთელი, ეგეც საქმეა, მაგრამ გოგა ბითაძეს რანგით გაცილებით უფრო მაღალ ევროლიგაშიც „მივედი! ვნახე! გავიმარჯვე!“ გამოუვიდა. მისი „ბუდუჩნოსტი“ ქართველის გამოჩენამდე ცხრილის ფსკერზე ღაფავდა სულს, ახლა კი მოგებების იშტაზეა. გუშინ სერბების მსხვერპლი ესპანური „გრან კანარია“ შეიქნა – 75:70.
გოგა ბითაძემ პარკეტზე 28.36 წუთი გაატარა, 7-დან 5 ორქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, რამაც ჯამური 16 ქულა შეადგინა. ამას გარდა, ჩვენებურმა 7-ჯერ მოხსნა ფარიდან ასხლეტილი ბურთი და 2 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ისე როგორ იქნებოდა, გოგას მისი უკვე საფირმო დაფარებებით არ გაენებივრებინა ქომაგი და 3-ჯერ შეარცხვინა მეტოქეები. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 27 შეადგინა და მატჩის უძვირფასეს კალათბურთელადაც დასახელდა. მისი გამორჩევა არც ევროლიგის ოფიციალურ საიტს დავიწყებია.
გოგას რამდენიმე დღეში უსერიოზულესი გამოცდა ელის – 1 თებერვალს „ბუდუჩნოსტი“ მოსკოვში ევროლიგის ერთ-ერთ ფავორიტ ცსკა-ს დაუპირისპირდება და ამ შეხვედრას ბითაძის ყველა ქომაგი გაასკეცებული ინტერესით დაელოდება.





