დღეს ზუსტად ცხრა წელი შესრულდა ნოდარ ახალკაცის გარდაცვალებიდან. ამ პიროვნებამ თბილისის „დინამოს“ მწვრთნელობით ქართველი ერის ისტორიაში ეპოქა შექმნა – მისი ხელმძღვანელობით „დინამომ“ ორჯერ მოიგო საბჭოთა კავშირის თასი, ერთხელ – ჩემპიონატი, ხოლო 1981 წელს – ევროპის თასების მფლობელთა თასი…

რამდენიმე წლის წინ მეგობრის არქივში 1979 წლის ფუტბოლ-ჰოკეი აღმოვაჩინე, მაინც და მაინც ის ნომერი, რომელშიც ნოდარ ახალკაცის ინტერვიუ გამოექვეყნებინათ… საბჭოთა სპორტული პრესის ყველაზე პრესტიჟულ გამოცემაში ეს, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ინტერვიუ იყო და, ვფიქრობთ, ფუჭად არ გავისარჯეთ, ის ახლა რომ გადმოვაქართულეთ – ამ ინტერვიუში ჩანს ახალკაცის, როგორც მწვრთნელისა და პიროვნების გარკვეული თვისებები.

ინტერვიუ, რომელსაც შემოკლებით გთავაზობთ, ახალკაცს საბჭოთა კავშირში ერთ-ერთმა საუკეთესო საფეხბურთო მიმომხილველმა ვალერი ვინოკუროვმა ჩამოართვა.

– როდესმე ჩამოურთმევიათ თქვენთვის ინტერვიუ უფრო თეორიულ საკითხებზე, ვიდრე პრაქტიკულზე?

– არა, თუმცა შემოთავაზებები იყო. უარს ხან დაუფიქრებლად ვამბობდი, ხან კი ცდუნება მიპყრობდა ერთი შეხედვით განყენებულ თემაზე სასაუბროდ.

– რატომ, თეორიას დიდად არ აფასებთ თუ შესაფერისი მომენტი არ იყო?

– მიმაჩნდა, რომ ჯერ ადრე იყო, თეორიით დავკავებულიყავი, რადგან დაგროვილ გამოცდილებას არასაკმარისად ვთვლიდი. მეორეს მხრივ, ყოველთვის მეგონა, რომ უმჯობესია, პრაქტიკულად დაამტკიცო ესა თუ ის საკამათო ტენდენცია. დისკუსიები, რომელიც არ არის გამყარებული გუნდის თამაშით, უსარგებლოა.

– მით უფრო დაბალია მწვრთნელის კვალიფიკაცია, თუ მას ეჭვი არაფერში ეპარება. ცხოვრებაშიც ისეა, რომ არაფერი ითვლება ერთხელ და სამუდამოდ დამტკიცებულად

– ზუსტად ასეა ჩვენს საქმეშიც. კიდევ რამდენი რამ არის გამოუცნობი ფეხბურთში! ამიტომაც არის აუცილებელი თეორიული მომზადება და მეტიც, თეორიული განათლება. ტაქტიკის შექმნა დამოკიდებულია შემოქმედებით უნარზე, ნიჭზე. ასე ხდება მსოფლიო ფეხბურთში და ყოველი მწვრთნელი თუ ფეხბურთელი უნდა გრძნობდეს თანამედროვე ფეხბურთის პულსს.

– ბოლო დროს თეორიის გარდა ბევრს ლაპარაკობენ ფუნქციონალურ, უფრო გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, ფიზიკურ მომზადებაზეც

– საფეხბურთო თეორიის არსი იმაშია, რომ მომზადების ყველა კომპონენტი ერთმანეთს მჭიდროდ დავუკავშიროთ. ამ ყველაფერთან დაკავშირებით მივედი იმ დასკვნამდე, რომ ნებისმიერ თეორიულ ტენდენციებს მოთამაშეები მაშინ შეითვისებენ, როცა ლაპარაკია კონკრეტულ მაგალითებზე, მატჩებზე, გუნდებზე…

– და როგორ ემზადებით ასეთი თეორიული მეცადინეობებისთვის?

– რისი თქმაც მსურს, ყოველთვის ვიწერ, როგორც სტატიას თუ ლექციას. როცა ასეთი ნაწერები ჩემ ხელთ არის, უფრო ადვილია იმპროვიზირება და რაღაცის დამტკიცებაც.

– საამისო მასალებს საიდან იღებთ?

– მაგალითები მომყავს არა მხოლოდ ჩემი გუნდის, არამედ სხვა გამორჩეული თამაშებიდან. ჩვენი გუნდის მატჩებიდან ჩვენი ფეხბურთელებისთვის მხოლოდ უარყოფით მაგალითებს ვარჩევ, რათა ყველამ თავიდან მოვიშოროთ ცხვირაწეულობა. რაც შეეხება სტატიებს და ლიტერატურას, ვეცნობი, როგორც ჩვენს, ასევე უცხოელ ავტორებს. ზოგიერთი ავტორი მიიჩნევს, რომ ფეხბურთი უნდა წავიდეს მხოლოდ იმ გზით, რომელსაც ის ხედავს. ასეთ სტატიებს გუნდთან თეორიული მეცადინეობებისას მხოლოდ უარყოფითი მაგალითის ნიმუშად ვიყენებ.

– შეუძლებელია, რომ ადამიანი მხოლოდ ერთ აზრს და შეხედულებას იზიარებდეს?

– ალბათ, ეს მას შეუძლია, მაგრამ არგენტინაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ასე მოქცევა, არაკვალიფიციურობა იქნებოდა. ჩვენი გუნდი ადრეც არ ეწეოდა ვინმეს კოპირებას, ამას არაფრის გამო არ გავაკეთებდით. მსოფლიოს ბოლო ჩემპიონატმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ მხოლოდ საკუთარი გზით უნდა წავიდეთ.

– ერთერთი წერილის ავტორმა თქვენი გუნდის თამაში იტალიის ნაკრებისას შეადარა…

– აქ უთანხმოებას ვერ ვხედავ. უბრალოდ, ავტორმა შედარება გააკეთა, არ უთქვამს, რომ ჩვენ ვიღაცის კოპირებას ვახდენთ და თავისი აზრი არავისთვის მოუხვევია. მეორეს მხრივ, ასეთი შედარება ხაზს უსვამს იმას, რომ არის შესაძლებლობა, აირჩიო სხვა მიმართულება. იტალია თამაშის ორგანიზაციის მანერით ჰოლანდიას და ბრაზილიას ჩამოჰგავს. თბილისის დინამოს კი ბევრი აქვს საერთო იტალიის ნაკრებთან თამაშის ორგანიზაციაში, ფეხბურთელების ტექნიკასა და ტემპერამენტში. ჰოდა, არ მესმის, რატომ უნდა ვთქვათ უარი ამაზე და იმ მიმართულებას მივემხროთ, რომელსაც სხვა ძლიერი გუნდები ირჩევენ. ჩვენი სათამაშო აქცენტები განსაზღვრულია.

– და როგორია ამ აქცენტების ფორმულირება?

– როცა ბურთი შენ გაქვს, მთელი გუნდი უნდა ეცადოს გოლის გატანას და არა მოთამაშეების პატარა ჯგუფი. ამას მთელი მატჩის განმავლობაში უნდა ცდილობდე და არ უნდა ელოდო იმას, თუ როდის შეცდება მეტოქე. გოლის გასატანად შეტევითი არსენალის ყველა საშუალება უნდა გამოიყენო და არა მხოლოდ ორი-სამი ელემენტი.

– არ მახსოვს, დისკუსიისას რომელიმე მწვრთნელს ეთქვას, ლამაზი ფეხბურთის წინააღმდეგი ვარო

– პირდაპირ ამას არავინ იტყვის. დარწმუნებული ვარ, გულშემატკივრებს რომ ვკითხოთ, როგორი თამაშის ყურება სურთ, ბევრი მწვრთნელი უმუშევარი დარჩება – ის თამაში, რომელსაც ზოგიერთი გუნდი აჩვენებს, არავის სჭირდება.

– იმედია, მხოლოდ მჭერმეტყველებისთვის არ ამბობთ იმას, რომ თამაშის აგებისას მაყურებლის ინტერესებს ითვალისწინებთ

– ამაში, სხვათა გარდა, მწვრთნელის მოვალეობასაც ვხედავ. პატიოსანი მწვრთნელის ამოცანაა, მოთამაშეებს შემტევი სული შთაბეროს. თუ მათ თამაშის დანგრევისკენ მოვუწოდებთ, ვერასდროს აღვზრდით სპორტსმენ-მეომრებს.

– თბილისის დინამოს მწვრთნელისთვის ამაზე საუბარი ადვილიათქვენ ხომ საქმე გაქვთ ბარაქიან კონტინგენტთან

– რა თქმა უნდა, პირველ რიგში ყველაფერი ფეხბურთელებზეა დამოკიდებული. გუნდში აუცილებად უნდა იყვნენ ისეთი მოთამაშეები, მეტოქის მოტყუება, ტექნიკური ილეთების შესრულება რომ შეუძლიათ, რადგან სწორედ ამითაა შესაძლებელი დაცვის გავლა.

– ვგრძობ, რომ არა მხოლოდ უფროსი მწვრთნელის ამპლუაში იქნებოდით ასეთი მიმართულების მიმდევარი

– პროფესიით ხიდების აგების ინჟინერი ვარ. შესაძლოა, ამის გამოც მახასიათებს ყველაფრის დაწყება წინასწარი გაანგარიშებით და ზრუნვა საძირკველზე. ხიდებიც არის მძიმე და უშნოები, თუმცა არის ლამაზებიც. ასეა ფეხბურთშიც…

– რას გვეტყვით იმ მოსაზრებაზე, რომ ფეხბურთის მომავალი უნივერსალურ მოთამაშეებს ეკუთვნით?

– იმის მომხრე ვარ, რომ ადამიანი თავისი საქმის ოსტატი იყოს. თუ ფეხბურთელს შეუძლია მოედნის ყველა მონაკვეთზე ოსტატურად თამაში, ეს კარგია იმ პირობით, თუ ის ინდივიდუალურობას არ კარგავს. დარწმუნებული ვარ, გუცაევს დაცვაში ბევრ მცველზე კარგად შეუძლია თამაში, მაგრამ ვის რაში სჭირდება ეს?

– ანუ უნივერსალიზმი თამაშს არ ალამაზებს?

– ასეა და ვფიქრობ, უნივერსალიზმზე საუბარი ჯერ ადრეა.

– რა მიმართულებით უნდა გაუმჯობესდეს ის, რაც უკვე გაქვს?

– რატომ უნდა დაიწყო რაღაც, როცა საქმე გასაგრძელებელია? მე მიხაილ იაკუშინის დაწყებულ საქმეს ვაგრძელებდი და ეს ნულიდან დაწყებას არ ნიშნავს. ბალეტმეისტერ მიხეილ ფოკინის მემუარებში ”დინების წინააღმდეგ” ერთი აზრი ამოვიკითხე – ის ჩადის ამერიკაში იმ მიზნით, რომ იქ ჩამოაყალიბოს რუსული ბალეტი და როცა მიმოიხედავს, აღმოაჩენს, რომ იქ უკვე არსებობს საცეკვაო ტრადიციები. ჰოდა, ფოკინი იცვლის თავის შეხედულებას, ეყრდნობა ადგილობრივ ტრადიციებს და ანვითარებს მას დიდი რუსული ბალეტის მიღწევებით. ჩემი აზრით, ასე უნდა მივუდგეთ ფეხბურთის განვითარებასაც. ფეხბურთს ისე უნდა შევხედოთ, როგორც დიდ ხელოვნებას, რომელიც ხალხისთვის არსებობს. არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ფეხბურთს ხალხისთვის ვთამაშობთ.

ვალერი ვინოკუროვი

გაზეთი ფუტბოლ-ჰოკეი, 1979 წელი

გაზეთი სარბიელი, 25.01.2007

წილი
წინა სტატიაანრი საზიზღარიაო და უშვებენ
შემდეგი სტატიალევი — ფულის კეთება
დავით თავართქილაძე
საყვარელი გამოთქმა - შემთხვევითი ხალხი პროფესიულ ფეხბურთში საყვარელი ფეხბურთელი - რუმენიგე, რომელთანაც ფეხბურთი ითამაშა საყვარელი პერსონაჟი - ფიზკულტურის ხორცმეტი დოლაბერიძე