მაშველებმა იმ თვითმფრინავის საძიებო ოპერაცია შეწყვიტეს, რომლის ბორტზეც არგენტინელი ფეხბურთელი ემილიანო სალა იმყოფებოდა.
ერთობლივი ძალისხმევით ნორმანდიის კუნძულების, დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის შესაბამისმა სამსახურებმა 4,5 ათასი კვადრატული კილომეტრის ფართობი გამოიკვლიეს, ასევე შეისწავლეს მონაცემები მობილური ტელეფონიდან და თანამგზავრიდან მიღებული გამოსახულებები, თუმცა ვერც ერთმა ამ ქმედებამ პრაქტიკული შედეგი ვერ მოიტანა – მაშველებმა თვითმფრინავის, მგზავრის და პილოტის კვალს ვერ მიაკვლიეს.
მსუბუქი თვითმფრინავი, რომელშიც პილოტი დევიდ იბოტსდონი და ფეხბურთელი იმყოფებოდნენ ორშაბათს საღამოს ფრანგული ნანტის აეროპორტიდან აფრიდა და კარდიფისკენ გაემართა.
თვითმფრინავი რადარებიდან ნორმანდიის კუნძულების რაიონში გაქრა.
კატასტროფამდე რამდენიმე წუთით ადრე სალამ მეგობრებს აუდიო შეტყობინება გაუგზავნა, რომელშიც ფეხბურთელი ამბობს, რომ თვითმფრინავი ნაწილებად იშლება.