მსოფლიოს ჩემპიონატი ხელბურთში დასასრულისკენ მიისწრაფვის. ერთი ადგილიც არ ნაწილდება თამაშის და ბრძოლის გარეშე. უკვე ჩაიარა პლეი-ოფმა 21-24-ე ადგილებისთვის და ბარაქალა ვითომ ერთიანი კორეის ნაკრებს, რომელმაც ნახევარფინალში ჯერ იაპონელი მეზობლები გაამწარა და შემდგომ საუდელ არაბებთანაც ერთი ბურთითღა ვერ შესწვდა 21-ე ადგილს. მე-17 ადგილი არგენტინას ერგო, რომელმაც ჯერ ავსტრიას და შემდეგ სერბეთს ორ-ორბურთიანი სხვაობით აჯობა. გაუჩოთა შედეგი ურიგო როდია, ხოლო მართლმადიდებელ ბალკანელთა მე-18 ადგილი კი გონებას ფრიად ეხამუშება: სერბეთი ხელბურთში ხორვატიასავით გიგანტი როდია, მაგრამ მეტს იმსახურებს.
კიდევ ერთი ნაიუგოსლავარი ქვეყანა, მაკედონია მე-13 ადგილისთვის მებრძოლთა ჯგუფში მოხვდა და იქაც რუსეთს დაეჩაგვრინა, ამ უკანასკნელმა კი აღნიშნული ადგილი ცხარე ბრძოლაში დათმო ყატართან.
არიერგარდისა მოვრჩით, წინმავალნი კი მეორე ჯგუფურ ეტაპზე ორ ჯგუფში განაწილდნენ და ერთმანეთში ცოდვის კალო დაატრიალეს. ხელბურთში მსოფლიოს და ევროპირველობებზე მეორე ჯგუფური ეტაპი ყველაზე დიდი ტკივილების და სიხარულების სარბიელია. შარშანდელი ევროპა ხომ ესპანეთმა დაინარჩუნა და აქ კი ჯგუფში ჩარჩა! უფრო ზუსტად, მე-7 ადგილისთვის ბრძოლა დარჩა ნუგეშად და ეს დიდი ვერაფერი შვილია ევროპის ჩემპიონისთვის, მაგრამ საფრანგეთი ხომ იმავე ჯგუფში იყო თავის ყარაბატიჩებით და გერმანიის ნაკრები შარშანდელ ევროპაზე დიდი სირცხვილის ჭამის შემდეგ წლევანდელ მსოფლიოზე გაცოფებული თამაშობს – ჯერ თამაში არ წაუგია. ყოველთვის ფავორიტად მიჩნეულ ხორვატიასაც არ გაუმართლა და ყველაზე პრიციპულ თამაშებში მეხუთე ადგილისთვისღა იბრძოლებს მეზობელი, მეორე ჯგუფის უდიდეს უიღბლო შვედეთთან, რომელსაც საკუთარმა სისხლმა (დანია) და ხორცმა (ნორვეგია) გადაუღობა ნახევარფინალისკენ სავალი გზები. ამგვარად, ჯერჯერობით მსოფლიო ჩემპიონატის ორივე თანამასპინძელი (დანია, გერმანია) კარგ გუნებაზეა ნახევარფინალში გასვლის გამო და გამორიცხული როდია, რომელიმეს ჩემპიონის ტიტულიც დარჩეს.

შევაჯამოთ: მსოფლიო ჩემპიონატზე მე-9-დან 24-მდე ადგილების სია უკვე ჩამოქნილია, ბრაზილიით იწყება და იაპონიით სრულდება. დარჩა თამაშები მე-7 (ესპანეთი – ეგვიპტე) და მე-5 ადგილებისთვის (ხორვატია – შვედეთი), ნახევარფინალები (დანია – საფრანგეთი, გერმანია – ნორვეგია), თამაში ბრინჯაოს მედლისთვის და ფინალი, რომელიც 27 იანვარს გაიმართება.