სერხიო აგუერო და ნიკოლას ოტამენდი

„მანჩესტერ სიტის” არგენტინელი მცველის ნიკოლას ოტამენდის სასწრაფოდ გადაბირება „ბარსელონას” მოუნდა. ოტამენდის ცუდი სეზონი აქვს, პეპ გვარდიოლამ პრემიერშიფის შეხვედრებში სულ ათჯერ ათამაშა და როგორც ჩანს 30 წლის ფეხბურთელზე იმედს აღარც ამყარებს, რადგან აიაქსელ მატის დე ლიხტზე უჭირავს თვალი და მის შესაძენად 50 მილიონი გირვანქა გადაუდია.

აღსანიშნავია, რომ „სიტიმ” „ბარსელონასთან” ერთი „აიაქსური” ვაჭრობა უკვე წააგო — 21 წლის ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი 2019 წლის 1 ივლისს მანჩესტერში კი არა, კატალონიის დედაქალაქში ჩავა. ეს საქმე უკვე მოკვარახჭინებულია. „ბლაუგრანამ” მასში 65 მილიონი გირვანქა გადაიხადა. ამბობენ, რომ დე ლიხტთან დაკავშირებით იგივე არ განმეორდება.

ოტამენდიზე კი, რომელიც „სიტიში” 2015 წელს 28 მილიონ გირვანქად გადავიდა, გვარდიოლამ ასე თქვა:

„ის ჩვენთან თავს ბედნიერად აღარ გრძნობს. როდესაც თამაშობს ბედნიერია, როდესაც არ თამაშობს არ არის ბედნიერი, მაგრამ ასე ხომ მხოლოდ ოტამენდი არ არის. ისინი ყველანი ასე არიან. ჩვენ ოტამენდის სიამოვნებით დავიტოვებდით, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც ყველაფერი თავად ფეხბურთელსა და მის აგენტზეა დამოკიდებული.

ოტამენდი ის კაცია, რომელიც ტკივილით, კუნთის პრობლემებით თუ ზოგადად, ნებისმიერ ვითარებაში მხარში გიდგას, ბოლომდე იხარჯება და უკან არაფერზე იხევს. მე ამ კაცით კმაყოფილი ვარ და მესმის მისი”.