ავსტრალიის ღია საჩოგბურთო პირველობაზე გადამწყვეტი მატჩები დარჩა და ის დროა, შედეგების შეჯამება-შეფასებას შევუდგეთ.
უკვე ცნობილია ქალთა ერთეულთა თანრიგში ფინალისტთა ვინაობა. 21 წლის იაპონელი ნაომი ოსაკა წინა სლემტურნირის – აშშ-ის ღიას გამარჯვებულია და ასაკის მიუხედავად, სტაბილირობით აოცებს საჩოგბურთო სამყაროს. ნაომიმ ფინალის საგზური ექსპირველ ჩოგან კაროლინა პლიშკოვას აართვა და ფინალში კიდევ ერთ ჩეხ პეტრა კვიტოვას შეებრძოლება.
იაპონელს რთული ამოცანა აქვს გადასაჭრელი:
ჯერ ერთი, ორჯერ უიმბლდონის მომგები და რეიტინგის მწვერვალზე ნამყოფი კვიტოვა გამოცდილებით აღემატება.
მეორე: კვიტოვას ბოლო რვა ფინალი აქვს მოგებული და გადამწყვეტ შეხვედრებში განსაკუთრებული კონცენტრაციით გამოირჩევა.
მესამე: მას შემდეგ, რაც ორი წლის წინ მძარცველმა მისსავე სახლში დაჭრა, პეტრა მოულოდნელად მალევე დაუბრუნდა კორტს და მას შემდეგ, თითქოს უფრო ბრძოლისუნარიანი გახდა.
იაპონელი და ჩეხი მჯობნის მჯობნს შაბათს გაარკვევენ. არადა, სასწორზე ყველაფერი ერთბაშად დაიდება – გამარჯვებული სლემტიტულთან ერთად 3,187,190 აშშ დოლარს მიიღებს და ორშაბათიდან ქალთა მსოფლიო რეიტინგს სათავეში ჩაუდგება. დამარცხებულმა ოდენ სინი, 1,770,661 დოლარი და რეიტინგში მეორეობა უნდა იკმაროს.
ვაჟთა შორის ჯერ მხოლოდ ერთი ფინალისტია ცნობილი. რაფა ნადალი 25-ედ ითამაშებს გადამწყვეტ სასლემო შეხვედრას. მასზე მეტი (30) ფინალი მხოლოდ როჯერ ფედერერს აქვს ნათამაშევი. ესპანელს 17 სლემტიტული აქვს და თუ იმარჯვა, პირველი ვაჟი მეჩოგნე შეიქნება, ოთხივე სლემტურნირზე ორ-ორჯერ მაინც რომ უმარჯვია.
რაფას სავარაუდო მეტოქე რეიტინგსიის ლიდერი ნოვაკ ჯოკოვიჩი უნდა იყოს. სერბი მარცხის შემთხვევაშიც კი შეინარჩუნებს პირველობას, მაგრამ ძნელად წარმოსადგენია, ფრანგი ლუკას პუიეს ზღაპარი დაუსრულებლად გაგრძელდეს.
ჯოკოვიჩი და პუიე მეორე ფინალისტის ვინაობას 25 იანვარს გაარკვევენ. ფრანგი უკვე ბედნიერია – რეიტინგში 14-საფეხურიანი ნახტომი გააკეთა და ტოპ-ოცეულამდე უწია. სხვათა შორის, მისი „წყალობით” კიდევ ერთი ადგილით დაქვეითდება ნიკოლოზ ბასილაშვილი და ორშაბათიდან მსოფლიო რეიტინგის 22-ე ნომერი იქნება.