ყველაზე დრამატული მატჩი ჩოგბურთის ისტორიაში – ასე მოინათლა მსოფლიოს ორი ექსპირველჩოგნის – კაროლინა პლიშკოვასა და სერენა უილიამსის მეოთხედფინალური დაპირისპირება ავსტრალიის ღია პირველობაზე.
ანგარიში 4:6, 6:4, 5:1 და 40:30 სერენას მოწოდებაზე. ამერიკელმა ეისი ჩააწოდა. ის თითქოს ნახევარფინალშია, მაგრამ… ხაზის არბიტრმა ჩაწოდებისას ხაზზე ფეხის დაბიჯების ნიშნად შეჰყვირა და მეორე ჩაწოდება დაინიშნა. ყველას გასაოცრად, სერენას დიდ ხანს არ უდავია. გადამწყვეტი ბურთის გათამაშებისას კი მარცხენა ფეხის კოჭი იღრძო…
მერე რაც კორტზე ხდებოდა, ძნელად ემორჩილებოდა ლოგიკას. სერენამ ზედიზედ ექვსი გეიმი (სამჯერ საკუთარი მოწოდება) დათმო, გზადაგზა, მეტოქის მოწოდებისას, კიდევ 3 მატჩბოლი გაანიავა და პლიშკოვა ნახევარფინალში თითქოს ძალით შეაცილა.
კაროლინამ ნამატჩევს აღიარა, იმ საბედისწერო გეიმისას გონებით უკვე გასახდელში ვიყავი და მხოლოდ ფიზიკურად ვიდექი კორტზე, მაგრამ მოულოდნელი შანსი რომ მომეცა, თავის ხელში აყვანა შევძელიო.
მხოლოდ ნახევარფინალი კი არა, ვგონებთ, სერენამ კაროლინას მსოფლიოს პირველი ჩოგნის სტატუსიც აჩუქა, თუმცა ამას დაზუსტებით მხოლოდ ორშაბათს მოგახსენებთ, როცა WTA ქალ ჩოგბურთელთა ნაღვაწს ჩამოჩოთქავს.