„რეალი” რომ „სევილიასთან” ბოლო, შედარებით ყოჩაღი თამაშისა და 2:0 მოგების მიუხედავად კრიზისშია ყველამ იცის. სწორედ ამიტომ, დროგამოშვებით ისმის ჭორი თითქოს ზაფხულში მის თავკაცს, ახალდანიშნულ სანტიაგო სოლარის მოხსნიან და… მის ნაცვლად გერმანიის ნაკრების მწვრთნელს იოაჰიმ ლიოვს დანიშნავენ.

მთელმა მსოფლიომ იცის, რომ სოლარი „რეალს” სათავეში სეზონის მსვლელობისას ჩაუყენეს, როდესაც წარუმატებელი ხულენ ლოპეტეგი მოხსნეს თანამდებობიდან. და მაინც, სოლარი თითქოს არ ჩანს ის ფიგურა, რომელიც მადრიდის კლუბს გამოადგება.

„რეალის” ყოფილმა ვარსკვლავმა და მწვრთნელმა, გერმანელმა ბერნდ შუსტერმა Welt am Sonntag-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა:

„მე „რეალის” პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს ბევრჯერ ველაპარაკე და ერთხელ იოაჰიმ ლიოვი ვუხსენე. ამ გვარ-სახელის გაგონებაზე პერესი ისე შეცბა, გეგონება რაღაცაში გამოვიჭირე. ზოგადად, გერმანელები მადრიდში ყოველთვის პოპულარულები იყვნენ. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, თუკი გერმანელი „რელში” მოხვედრილა, კარგის მეტი არაფერი გაუკეთებია. ამიტომაც არ გამიკვირდება, ზაფხულში მადრიდელებმა ლიოვის გადაბირება რომ მოინდომონ”.

შუსტერს მიაჩნია, რომ მიმდინარე სეზონი „ლოს ბლანკოსისთვის” გარდამავალი იქ  ნება. გადატანითი მნიშვნელობით რომ ვთქვათ, ეს პერიოდი „სანტიაგო ბერნაბეუზე” კაპიტალდაბანდებისა იქნება და კაპიტალში შეიძლება იოაჰიმ ლიოვიც მოიაზრებოდეს.

„მე მხოლოდ ის ვიცი, რომ ლიოვის ხელმძღვანელობით გერმანიის ნაკრებმა ლამაზი ფეხბურთი ითამაშა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. „რეალისთვისაც” სწორედ ეს თვისებებია მნიშვნელოვანი”, — დასძინა შუსტერმა.

„შპორტ ბილდმა” კი სცადა დაელაგებინა ის, რაც იოაჰიმ ლიოვის „რეალში” გადასვლას ხელს შეუწყობს და ის, რამაც მას შეიძლება ხელი შეუშალოს.

ხელს შეუშლის: მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის წინ ლიოვმა გერმანიის საფეხბურთო კავშირთან 2022 წლამდე გაახანგრძლივა ხელშეკრულება;

მართალია, გერმანიის ნაკრებმა მონდიალზე ცუდად ითამაშა, მაგრამ გერმანული ფეხბურთის  ძალიან ბევრმა შეფმა მაინც დაუჭირა მხარი მის თანამდებობაზე დატოვებას. მათ სწამთ, რომ იოგის (იოაჰიმის) ხელმძღვანელობით ბუნდესმანშაფტი კვლავ ძლიერად ათამაშებდა.

ხელს შეუწყობს: ლიოვი ხშირად იმეორებს, რომ კვლავ სურს საკლუბო ფეხბურთში დაბრუნება. დეკემბერში, როდესაც მას „რეალის” შესახებ ჰკითხეს, ლიოვმა უპასუხა, რომ ეს კლუბი ნებისმიერი მწვრთნელისთვის სასურველი სამსახურია.