ერთი შეხედვით, მადრიდის „ატლეტიკო“ ჩვეულ პოზიციაზეა. პრიმერას ცხრილში მეორე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალშიც გავიდა, სადაც ტურინის „იუვენტუსს“ შეხვდება.

დეკემბერში შვიდი წელიწადი გახდა, რაც დიეგო სიმეონე „ატლეტიკოს“ თავკაცობს. ამ ხნის განმავლობაში გუნდმა დიდ წარმატებებს მიაღწია და ევროპული ფეხბურთის ელიტაში შევიდა. მაგრამ ბოლო ორი წელიწადია, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს არგენტინელ სპეციალისტს იდეები შემოელია და გუნდი წინ ვეღარ მიდის. მათი თამაში სულ უფრო და უფრო მოსაწყენი ხდება.

სიმეონეს თქმით, ძნელია რაიმეს შეცვლა, როცა 7 წელიწადი ერთ სტილში თამაშობ. თანაც, როცა ამ სტილს წარმატებები მოაქვს, ცვლილებებსაც ერიდები. ცნობილია, რომ სიმეონეს ფილოსოფიის მიხედვით, მთავარია ქულები და არა სანახაობა.

არგენტინელი ყოველთვის დაცვიდან აწყობდა თავისი გუნდის ტაქტიკას. მეორე ნომრად თამაშის ოსტატია. ეს კი, საკუთარი საგოლე მომენტების მაქსიმალურ რეალიზაციას ითხოვს. თამაშის მსვლელობისას შეიძლება სულ ერთი-ორი მომენტი შეგექმნას და ის უნდა გამოიყენო. თანაც, წლების განმავლობაში, მეტოქეებმაც აუღეს ალღო მათ სტილს. შედეგად, ისედაც ცოტა გოლების გამტანმა გუნდმა, კიდევ უფრო ნაკლების გატანა დაიწყო.

მიმდინარე პრიმერაში, მათ 19 მატჩიდან 13-ში, ერთ გოლზე მეტის გატანა ვერ შეძლეს. „ლევანტესთან,“ „ესპანიოლთან,“ „ბეტისთან“ და “რაიო ვალეკანოსთან“ მინიმალური სხვაობით გამარჯვბა საკმარისი აღმოჩნდა სამი ქულის მოსაპოვებლად. კიდევ 7 შემთხვევაში მათ ფრედ 1:1 ითამაშეს, ორ შეხვედრაში კი საერთოდ არ გაუტანიათ… 19 იანვარს კი „რაღაც“ უჩვეულო მოხდა და სიმეონეს შეგირდებმა სტუმრად, აუტსაიდერ „უელვას“ ერთბაშად 3 უპასუხო გოლი გაუტანეს.

ფაქტია, სიმეონეს ძალიან უჭირს ოპტიმალური ბალანსის მოძებნა დაცვასა და თავდასხმას შორის. უმეტესი მათგანი კი სხვადასხვა მიზეზის გამო, საკუთარ შესაძლებლობებს ბოლომდე ვერ ავლენს. მაგალითად, ყველაზე სტაბილური და შეუცვლელი შემტევი ანტუან გრიზმანი. ფრანგზე დიდადაა დამოკიდებული „ატლეტიკოს“ შედეგიანობა. მაგრამ მასაც არ ჰყოფნის ის „რაღაც,“ რაც მას ვთქვათ, ლეო მესისა და ლუის სუარესის დონეზე აათამშებდა. წლევანდელ ჩემპიონატში მას 9 გოლი აქვს გატანილი, როცა მესიმ 17, სუარესმა კი 14-ჯერ აიღეს მეტოქეთა კარი. ასევე მის წინ არიან ჟირონას კრისტიან სტუანი (12) და სელტას იაგო ასპასი (10).

თავად სიმეონეც არ მალავს, რომ მისი სტილი თავდამსხმელს ბოლომდე გახსნის საშუალებას არ აძლევს: გრიზმანი რომ უფრო შემტევ გუნდში გადავიდეს, გაცილებით უკეთ ათამაშდებაო – უთხრა ამას წინათ არგენტინელმა Marca-ს.

მიმდინარე სეზონში გუნდს საშუალოდ 63 წუთში ერთხელ გააქვს გოლი და ამისათვის 23 დარტყმა სჭირდება. მაშინ, როცა ბარსელონასთვის ეს ციფრები  – 32 და 12-ია.

გასულ სეზონში, შეტევაში გრიზმანის დასახმარებლად, დიეგო კოშტა დააბრუნეს, თუმცა მას 9 თვის განმავლობაში არ გაუტანია და ოთხჯერ მოხვდა ლაზარეთში. არც სხვა თავდამსხმელები, ვთქვათ, ნიკოლა კალინიჩი ან თომა ლემერი გამოირჩევიან შედეგიანობით.

გარდა შეტევაში პრობლემებისა, არ დაცვაშია უკეთ საქმე. სამი მთავარი მცველის, გოდინის, ხუანფრანისა და ფილიპე ლუისის საერთო ასაკი ჯამში 99 წელია. მათ შემცვლელებად სიმეონემ სავიჩი, არიასი და ხიმენესი შეიგულა, თუმცა მათ სტაბილურობა აკლიათ.

გარდა ამისა, წლიდან წლამდე მეორდება სიტუაცია, როცა უკანა ხაზის უმეტესი მოთამაშეები დაშავებული არიან ხოლმე და ამ შემთხვევაში, არგენტინელს თამამი გადაწყვეტილებების მიღება უწევს. მაგალითად, მეორე გუნდიდან საყრდენების საულისა და ტომასის დაცვაში დაყენება.

ესპანელ მიმომხილველების მიაჩნიათ, რომ სიმეონემ ატლეტიკოში საკუთარი თავი უკვე ამოწურა. ახლა ის თავადაც იღლება, გუნდსაც ღლის და მაყურებელსაც.

მას ახალი გამოწვევა სჭირდება.