დასრულდა ხელბურთში მსოფლიო თასის პირველი ჯგუფური ეტაპი და ხამს შევაჯამოთ. 24 ნაკრებიდან მომდევნო ჯგუფურ ეტაპზე 12 რჩეული გავიდა და მათში განსაცვიფრებელად და გასაოგნებელად ვერავინ მოხვდა, მაგრამ A-ჯგუფში რუსეთის და სერბეთის ჩარჩენა და მომდევნო რაუნდში გადასული საფრანგეთ-გერმანიის კომპანიაში ბრაზილიის მოხვედრა მაინც გვარიანი სიურპრიზი გამოდგა. რიოს ოლიმპიურ თამაშებზე მეოთხედფინალში გასვლის მიუხედავად ხელბურთი ბრაზილიაში არ არის ფეხბურთი ან სამბა და იმ ქვეყნის ნაკრებისგან დიდებულ შედეგებს ნაკლებად ელიან. მაგრამ ბრაზილიამ მტკიცე თამაშით რუსეთსაც და სერბეთსაც ორბურთიანი სხვაობით მოუგო და დამსახურებულად მოხვდა იქ, სადაც ჯერ არს. განსხვავებით არგენიტინისგან, რომელმაც ცდა არ დააკლო, მაგრამ ჯგუფურ მეხუთე ადგილს ვერ ასცდა.

B-ჯგუფში მაკედონიის ჩარჩენასაც დაჰკრავს მოულოდნელობის ელფერი, მაგრამ ვის მოუბრუნდება ენა, ისლანდიელებს მომდევნო ეტაპზე გასვლა დაუმსახურებლად ჩაუთვალოს? იმავ ჯგუფში ორი დიდი ფავორიტი იბრძოდა პირველი ადგილისა და მეორე ჯგუფურ ეტაპზე კომფორტული ქულათა მარაგით გადასვლისთვის და ჯგუფის ყველაზე პრინციპულ თამაშში ხორვატიამ ევროპის ჩემპიონ ესპანეთს 23:19 აჯობა, თუმც ეს შეხვედრა იქნებ ბოლო ბალკანო-პირინეული ბრძოლაც არ გამოდგეს მიმდინარე მსოფლიო თასზე.

C- და D-ჯგუფში სკანდინავიელები მძვინვარებდნენ: შვედეთი და მასპინძელი დანია ხუთ-ხუთი მოგებით გავიდნენ მომდევნო ეტაპზე, ხოლო ნორვეგიამ ერთადერთი იმავ დანიასთან წააგო. ბარაქალა არაბებს: ჯერ ერთი, რომ მსოფლიო თასზე აზიის კვოტის ორ მესამედზე მეტი სწორედ მათ შეავსეს და იაპონიასა და ვითომ გაერთიანებულ კორეასთან ერთად საუდის არაბეთი, ბაჰრეინი და ყატარი მსოფლიო თასს პირველ ჯგუფურ ეტაპზევე კი გამოეთიშნენ, მაგრამ ტუნისი და ეგვიპტე რჩეულ თორმეტეულში არიან და იმის იქით მათ გასვლაზე რა გითხრათ, მაგრამ მიღწეულიც ურიგო შედეგი როდია.
მეორე ჯგუფურ ეტაპზე ნაკრებები შემდეგნაირად დალაგდნენ:
- I-ჯგუფი: ხორვატია, გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, ისლანდია, ბრაზილია
- J-ჯგუფი: დანია, შვედეთი, ნორვეგია, უნგრეთი, ეგვიპტე, ტუნისი