ოლე გუნარ სულშერს პირველად წამოსცდა წინამორბედის ჟოზე მოურინიუს კრიტიკა: ტაქტიკას, რომელიც მას „მანჩესტერ იუნაიტედში” მემკვიდრეობით ერგო, სულელური უწოდა. ნორვეგიელმა, რომელიც „ოლდ ტრეფორდზე” დროებით მიიყვანეს, გუნდს ზედიზედ ექვსი თამაში მოაგებინა. შეგახსენებთ, რომ ეს ყველაფერი 18 დეკემბრის შემდეგ დაიწყო, მას მერე, რაც მოურინიუ „იუნაიტედის” თავკაცის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
ინგლისურმა პრესამ ყურადღება მიაქცია, რომ სულშერი აქამდე ფრთხილად იყო, ცდილობდა წინამორბედზე აუგი არ წამოცდენოდა, მაგრამ როგორც ჩანს „გატყდა”. მალაიზიური ტელეარხისთვის Astro Supersport-თვის მიცემულ ინტერვიუში მან ასე თქვა:
— „მანჩესტერ იუნაიტედი” იერიშის გარშემო აწყობილი გუნდია. ის ყოველთვის შემტევ ფეხბურთს თამაშობდა, სულ მეტოქის კარისკენ მიიწევდა და არასდროს ყოფილა სულელური კვადრატებისა და უკან პასებს მიმდევარი.
სულშერის ეს ნათქვამი მყისვე მოურინიუს კრიტიკად აღიქვეს.
ინგლისში წერენ, რომ თავის ექვს თამაშში ნორვეგიელმა გუნდი გაათავისუფლა იმ მუხრუჭისგან, რომლისთვისაც პორტუგალიელს ფეხი ჰქონდა მიჭერილი და ფეხბურთელებს თავისი ნეგატიური ტაქტიკით ხელოვნურად აბრკოლებდა.
სულშერის ხელმძღვანელობით „მანჩესტერ იუნაიტედმა” ერთ თვეში 17 გოლი გაიტანა და კვლავ ჩაება ბრძოლაში ოთხეულში მოსახვედრად.
Astro Supersport-თან საუბარს სულშერის ყოფილი თანაგუნდელი ტედი შერინგემი უძღვებოდა, რომელმაც მანჩესტერელთა დროებით მწვრთნელს ჰკითხა, რისი შეცვლა სჭირდებოდა მას ყველაზე მეტად. ნორვეგიელმა უპასუხა:
„უპირველეს ყოვლისა, როდესაც „მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელი ხარ, უნდა იღიმებოდე. ადრე თუ გვიან დადგება ის დრო, როდესაც „ოლდ ტრეფორდს” დაემშვიდობები და მერე ეს დიდი სარბიელი მოგენატრება. ჩვენი გუნდი შეტევისთვისა, სისწრაფისთვის, სიმძლავრისთვის არსებობს”.