მეოთხე ჯახი და მეოთხე მარცხი. არადა ტოჩინოშინს ოთხივე მეტოქესთან აქამდე გამართულ ბრძოლებში დადებითი ბალანსი ჰქონდა.
აშკარად სერიოზული პრობლემები აქვს ჩვენს ფალავანს და ეს მხოლოდ ბარძაყის კუნთის ტრავმასთან არ უნდა იყოს დაკავშირებული. საფირმო მარცხენა ჩავლების მოპოვებისასაც კი ლევანი შიშის ზარს ვეღარ სცემს მეტოქეებს.
ნაკლები შანსია, მან ამ ბაშოზე დადებით ბალანსს უწიოს, რაც იმას ნიშნავს, რომ მარტის ბაშოს წინ კადობანში ჩააყენებენ – დადებით ბალანსს სავალდებულო პირობად დაუთქვამენ და ვერმიღწევის შემთხვევაში ოძეკის ტიტულს ჩამოართმევენ.
ჩვენთვის რა შეღავათია, მაგრამ შავ დღეშია ოძეკი გოიედოც, რომელსაც ასევე ოთხი მარცხი აქვს. უკვე ორჯერ წააგო იოკოძუნა კაკურიუმ, თუმცა მოხდა ის, რამაც ყველა სხვა ამბავი გადაფარა:
იოკოძუნა კისენოსატო გადადგა! აქტიური სუმოდან წავიდა და ერთ-ერთ სკოლაში უმცროს მასწავლებლად იმუშავებს.
რა გასაკვირია, თუ 2017 წლის მარტში ზედიზედ ორჯერ იმპერატორის თასის მოგების და იოკოძუნას ტიტულის მიღების შემდეგ მან ჯამში მხოლოდ 32 ბრძოლა მოიგო. შედარებისთვის გეტყვით, რომ შარშან ლევან გორგაძეს სამ ბაშოზე 37 მოგება დაუგროვდა.
მოკლედ, დიდი ამბებია ყოველ დილით ტოკიოში და ვადევნოთ თვალი. წინ კიდევ 11 საშეჯიბრო დღეა.