არის! პროგრამა-მინიმუმი შესრულებულია. ნიკოლოზ ბასილაშვილს ავსტრალიის ღია პირველობაზე შარშან მესამე წრეში გასვლისთვის მიღებული ქულები ჰქონდა დასაცავი და ამ ამოცანას თავი იტალიელი სტეფანო ტრავალიას ძლევით გაართვა. მსოფლიოს 108-ე ჩოგანი ტრავალია კერკეტი კაკალი აღმოჩნდა. ამას ნიკას არასტაბილური თამაში დაერთო და ხუთსეტიანი თრილერიც შედგა. სიტუაცია მესამე სეტიდან დაიძაბა. ნიკა ყოველი სეტის სტარტზე ახერხებდა ბრეიკის შესრულებას და უპირატესობის მიღებას, მაგრამ მყისვე ანიავებდა. ამის უპირველესი მიზეზი ვერაფრით ვერგამოსწორებული პირველი მოწოდება იყო, მეორეს კი ტრავალია იოლად უმკლავდებოდა. მეოთხე სეტში ნიკამ 4:1 დაწინაურების შემდეგ იტალიელს დაწევის საშუალება მისცა. მხოლოდ ამის შემდეგ ვნახეთ ნამდვილი ნიკოლოზ ბასილაშვილი: ჯერ მე-4 სეტი მისსავე მოწოდებაზე დაუმთავრა ტრავალიას, მეხუთეში კი წამითაც არ გაუშვია ხელიდან სადავეები. საბოლოოდ – 3:6, 6:3, 3:6, 6:4, 6:3. მომდევნო მეტოქე ტურნირზე მე-15 ნომრად განთესილი 20 წლის ბერძენი დიმიტრიოს ციციპასია, რომელმაც ოთხსეტიან ბრძოლაში ვიქტორ ტროიცკი დაამარცხა. ეს შეხვედრა ზეგ დილით გაიმართება.