პეტრ ჩეხმა გამოაცხადა, რომ სეზონის დამთავრების შემდეგ 20 წლიან პროფესიულ კარიერას ასრულებს.
„არსენალის” 36 წლის მეკარე ამბობს, რომ მანამდე კიდევ ერთი ჯილდოს მოპოვების იმედი აქვს.
ჩეხმა „ტვიტერზე” დაწერა: „უკვე 20 წელი გავიდა, რაც პირველი პროფესიული კონტრაქტი გავაფორმე. ვფიქრობ, შესაფერისი დროა იმის გამოსაცხადებლად, რომ სეზონის დამთავრების შემდეგ ფეხბურთელის კარიერას დავასრულებ. პრემიერლიგაში 15 სეზონი გავატარე და ამ ხნის განმავლობაში ყველა შესაძლო ტიტული მოვიპოვე, ასე რომ შემიძლია ვთქვა: ყველა მიზანი, რაც კი დასახული მქონდა, ავისრულე.
ზაფხულამდე, „არსენალის” შემადგენლობაში ცდას არ დავაკლებ, რათა ჩემს კოლექციას კიდევ ერთი ჯილდო შევმატო. შემდეგ კი ვნახავ, რა გამიმზადა ცხოვრებამ საფეხბურთო მოედანს მიღმა”.
ჩეხის განცხადებამ საფეხბურთო სამყაროში დიდი რეზონანსი გამოიწვია. ბევრმა ვარსკვლავმა შეასხა ხოტბა სოციალური ქსელში ჩეხ ვეტერანს. ლეგენდარულმა ესპანელმა მეკარემ იკერ კასილიასმა კოლეგას მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი გოლკიპერი უწოდა.
ჩეხი სამშობლოდან უცხოეთში 2002 წელს გადაბარგდა. 2002-2004 წლებში ის ფრანგულ „რენში” გამოდიოდა, შემდეგ კი ინგლისს მიაშურა და იქ დამკვიდრდა.
2004-2015 წლებში გოლკიპერმა „ჩელსიში” ითამაშა, სადაც ოთხჯერ პრემიერლიგის ჩემპიონი, ოთხჯერ ფეხბურთის ასოციაციის თასის მფლობელი, სამჯერ ინგლისის ლიგის თასის მფლობელი, ორჯერ „კომუნითი შილდის” გამარჯვებული, ერთხელ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული და ერთხელაც ევროლიგის თასის მფლობელი გახდა. მეტი საკლუბო ფეხბურთში მართლაც აღარაფერი არსებობს.
2015 წლიდან კი მის კარიერაში არის „არსენალი”, რომლის შემადგენლობაშიც ჩეხმა მოიგო ფეხბურთის ასოციაციის თასი და ორჯერ „ქომუნითი შილდი”.
ჩეხეთის ნაკრების შემადგენლობაში პეტრ ჩეხმა 124 შეხვედრა ჩაატარა.
2002 წელს კი 21 წლამდელთა ნაკრებში ის ევროპის ჩემპიონი გახდა.