38 წლის მწვრთნელმა 36 წლის და 34 წლის ფეხბურთელები ითხოვა წელიწადნახევრით.

მწვრთნელი გახლავთ სტივენ ჯერარდი, ფეხბურთელები კი ინგლისელი ჯერმენ დეფო „ბორნმუთიდან“ და ჩრდილოირლანდიელი სტივენ დევისი „საუთჰემპტონიდან“.

ჯერარდი გასული ივნისიდან გლაზგოს „რეინჯერსის“ თავკაცია და „სელტიკთან“ საჩემპიონო ჯაჯგურში ყოჩაღი ბიჭები სჭირდება.

დეფოს ოცწლიან კარიერაში 273 გოლი გაუტანია და ჯერ ისე არ დაბერებულა, რომ შოტლანდიის ჩემპიონატში რამე არ მიუმატოს მონაგარს.

დევისი კი ნახევარმცველია, შვიდი წლის წინ წავიდა „რეინჯერსიდან“ „საუთჰემპტონში“ და ახლა უკან ბრუნდება.

წინასაახალწლო დღეებში ბაზარ-მარკეტებში გოჭ-ქათამ-ინდაურებს თავ-ფეხს რომ ვუსინჯავდით, სწორედ მაშინ, 29 დეკემბერს მოხდა ისეთი ამბავი შოტლანდიაში, რაც დაახლოებით შვიდი წელია, არ მომხდარა: ოლდ ფირმში „რეინჯერსმა“ „სელტიკს“ მოუგო. იმის უთქმელობა არ იქნება, რომ „სელტიკის“ მწვრთნელია ბრენდან როჯერსი, ვინაც სამი ( 2012-2015 ) სეზონის განმავლობაში საუცხოო ფეხბურთი ათამაშა „ლივერპულს“ ჯერარდის კაპიტნობით.

„რეინჯერსი“ ვალების გამო 2012 წელს მეორე დივიზიონში გაუშვეს და „ოლდ ფირმიც“ გაქრა 2016 წლამდე, ვიდრე კლუბი პრემიერლიგაში არ დაბრუნდა. დაბრუნების შემდეგ „სელტიკი“ და „რეინჯერსი“ ცხრაჯერ შეხვდნენ ჩემპიონატის მატჩებში და „სელტიკი“ ერთხელაც არ დამარცხებულა. მეათე ცდაზე და ჯერარდის ხელში „რეინჯერსმა“ 29 დეკემბერს რაიან ჯეკის გოლით იმარჯვა და „სელტიკს“ქულებით გაუთანაბრდა. საქმეს

ახლა კი საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ საჩემპიონო ტიტული „ლივერპულის“ ყოფილი მწვრთნელის და კაპიტნის საჯილდაო გახდება.

მორიგ ოლდ ფირმს 30 მარტს „სელტიკი პარკი“ უმასპინძლებს.