„დინამოს“ მასაჟისტმა ანზორ გაბიტაშვილმა ბურთი ხელიდან გამოსტაცა მსაჯ რიკარდო ლატანცის და მიიმალა…

მინსკში, იქაურების და ჩვენების თამაშისას, დავით ყიფიანს 10-ნომრიანი მაისური შემოახიეს და მანაც 13-ნომრიანი მოირგო და იმით გააგრძელა თამაში…

აგერ, ახლა თემურ ქეცბაიამ „ბოლტონს“ რომ გამარჯვების გოლი გაუტანა, ბუცის გახდა დააპირა…

ეს სამი ამბავი წამომიტივტივდა გონებაში, როცა ამ სვეტის გამო ვფიქრობდი. და რამდენი ასეთი ამბავია ჩვენს ფეხბურთში, რამდენი ასეთი ეპიზოდია? თუნდაც ძველი ისტორიები, ჭაღარა ქომაგთაგან ნათხრობი და ხალხში მოარული.

ზემოთ ნახსენები სამივე ნივთი: ბურთი, გახეული მაისური და ბუცი, რომელიც ქეცბაიამ აღარ გაიხადა, ჩვენი ფეხბურთის ისტორიის ნაწილია. ეს ის ნივთებია, წარსულის უკვდავებას რომ ქმნის. უფრო სწორად, ნივთი გუშინდელ დღეს აცოცხლებს და ინახავს, გრძნობებსა შლის და ფიქრს იწვევს. ეს მე არ მითქვამს, ერთმა გვარიანმა ფრანგმა მწერალმა თქვა. პრინციპში, მუზეუმიც სხვა არაფერია.

გამიგონია, „ენფილდზე“ ძველი ბუცების ოთახი არსებობდა და იქ გუნდის ახალწვეულებს შეახედებდნენ ხოლმე, აგე, უყურე და იფიქრეო.

მე პირადად მგონია, რომ ყოველმა დინამოელმა უნდა შეხედოს პაიჭაძის ბუცებს, უნდა შეხედოს პაიჭაძის მაისურს, მის კაპიტნის სამკლაურს. ყველამ უნდა უყუროს საბჭოთა და უცხოური თასების ასლებს და იფიქროს. ყოველმა ფეხბურთელმა და ახალი დროის ქომაგმა ასე უნდა შეიგრძნოს თავისი გუნდის წარსული, თავისი ფეხბურთის სული.

მაგრამ სად არის ეს ყველაფერი? ჭეშმარიტად არ ვიცი. სად არის სამოსი, ყიფიანს რომ ეცვა ევროპის ნაკრებში? მახსოვს, ყვითელი იყო.

ისტორიულ მუზეუმში იდგა „კარაველა“, ლამაზი საერთაშორისო ჯილდო. იდგა, ახლა აღარ ვიცი, ისევ დგას, ალბათ, მაგრამ იქ რა უნდა? სტადიონზე უნდა გვედგას. ანდა, სად არის ის დეპეშა, მიხეილ მესხს რომ დაუმალეს რუსებმა და მსოფლიოს ნაკრებში არ გაუშვეს? ეგ დეპეშაც თვალსაჩინო ადგილზე უნდა გვქონდეს გამოკრული. ანდა, სად არის ანდრო ჟორდანიას კეპი, ანდა, თუნდაც ერთი იმ ცარიელი სიგარეტის კოლოფი, ნოდარ ახალკაცი რომ ეწეოდა? ანდა, გავრილ კაჩალინის ჰალსტუხი, ანდა, თუნდაც ერთი უზბეკური „ტუბეტეიკა“, პირველად გაჩემპიონებულ დინამოელებს რომ აჩუქეს ტაშკენტში?

არ ჩანს. არადა, უნდა ჩანდეს. ეს ყველაფერი ერთად უნდა იყოს. ეს ყველაფერი ხელშესახები უნდა იყოს არა მხოლოდ ფეხბურთელებისთვის, არამედ ხალხისთვისაც. მე მინდა ჩემს შვილს ხელი მოვკიდო , სადმე მივიყვანო და ვაჩვენო ის, რასაც ქომაგობს.

მე არ მინდა, რომ მას ჩვენი ფეხბურთი მხოლოდ ევროპის ქალაქებში გაბნეული ათიოდე კარგი ბიჭი ეგონოს და არ მინდა, რომ ღამე მხოლოდ „ლივერპულ“-„ევერტონის“ საყურებლად ტეხოს.

განა მართალი არა ვარ?

აბა, რომელი გულშემატკივარი იტყვის, რომ მასაც არ უნდა ეს ყველაფერი?

არა მგონია, ვინმეს არ უნდოდეს, ასე იყოს. ამას მუზეუმიც დაერქვას, მაგრამ ეს მუზეუმი ფოტოგამოფენას კი არ უნდა ჰგავდეს, არამედ მართლაც მუზეუმი უნდა იყოს. იქვე, ეკრანებზე უნდა ხედავდე წარსულის დიდ შერკინებებს. ველოსიპედს გამოგონება არ სჭირდება – ყველაფერი გვინახავს უცხოეთის დიდ კლუბებში.

მაგრამ ნივთები?

წარსულის რელიქვიები?

მათი დაკარგვით ხომ წარსულს ვკარგავთ?

წარსულის გარეშე კი „უბრალოდ ფეხბურთი“ გვაქვს და არა „შენი ფეხბურთი“.

ეჰ, რამდენი ასეთი რამ დავტოვეთ იმ ძველ წლებში. რამდენ ადამიანს აკლია საშუალება, მთელი არსებით ჩაწვდეს ფეხბურთის სულს?

მე მაინტერესებს გაიოზ ჯეჯელავას ბუცების ნახვა. ეს ბუცები სასწაულებს ქმნიდა მინდორზე.

ნუთუ არ გვინდა, რომ სასწაული გადარჩეს?

28.02.1998 

წილი
წინა სტატიათქვენი დედაცო, ბებიაცო და კარგებიცო…
შემდეგი სტატიაბეილი „სანტიაგო ბერნაბეუდან” წავიდა
გიო ახვლედიანს „სარბიელში“ ხუმრობით ცოცხალ კლასიკოსს ვეძახდით, თუმცა რაღა ხუმრობით, ერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ქართული პროზა გიო ახვლედიანის, იგივე აკა მორჩილაძის დროება იყო. „სარბიელში“, მაგალითად, ინგლისური პრემიერლიგის ამბებს მიმოიხილავდა ირაკლი გამყრელიძის ფსევდონიმით, საკრივო ამბებს კი ალბერტ ხაჩატურიშვილის სახელით. მეტწილად ცხოვრობს ლონდონში, „სარბიელში“ მუშაობისას კი მის ოთახში, კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე ეკიდა ჰოლმსისეული სამონადირეო ქუდი.