გულზე ხელი დაიდეთ, ბევრი გსმენიათ დომინიკ სოლანკეს შესახებ? ეს ბიჭი „ლივერპულში“ 2017 წლის ზაფხულში „ჩელსიდან“ 3 მილიონ ევროდ მივიდა და გუშინ „ბორნმუთში“ 21 მილიონ ევროდ გაიყიდა.
როგორ გაძვირდა 7-ჯერ ფორვარდი, რომელმაც სულ 20 მატჩი ითამაშა და 1 გოლი გაიტანა, მხოლოდ მერსისაიდელთა გენიოსმა მენეჯერებმა უწყიან. დაუჯერებელია, მაგრამ უფრო ძვირად ინგლისელ ფორვარდთაგან პრემიერლიგაში მხოლოდ ენდი კეროლის (41 მლნ.) და უეინ რუნის (37 მლნ.) ტრანსფერები შეფასდა.
წინა ორი წლის განმავლობაში „ლივერპულმა“ იმავე „ბორნმუთს“ კიდევ ორი ფეხბურთელი მიჰყიდა: ჯორდონ აიბი (18 მლნ.) და ბრედ სმიტი (3 მლნ.). თუ ამ სამი ტრანსფერის თანხას დავაჯამებთ 42 მილიონი ევრო გამოვა. არადა, თავის დროზე ზუსტად 42 მილიონი გადაუხადა „ლივერპულმა“ იტალიურ „რომას“ მოჰამედ სალაჰის სანაცვლოდ.
გამოდის, რომ „ბორნმუთმა“ სამი უსახელო ფეხბურთელის სანაცვლოდ მერსისაიდელებს სალაჰი უყიდა. ეს ხუმრობით, სერიოზულად კი ერთხელაც უნდა გავიმეოროთ სიტყვა გენიალური „ლივერპულის“ მენეჯერებისა და მარკეტოლოგების მისამართით – მათ იციან, როგორ იშოვონ ფული, რომლითაც მერე იურგენ კლოპი საჩემპიონო გუნდს ააშენებს.