„სანმა” ექსკლუზიურად შეიტყო, რომ ერთ-ერთმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ბარის ტუალეტში კოკაინი შეიყნოსა, რის შემდეგაც ისე იქცეოდა, რომ მწვრთნელმა ტაქსიში ჩასვა და შინ გაუშვა. ოღონდ მწვრთნელს ის მთვრალი ეგონა.

ტუალეტში კოკაინის შეყნოსვას ამ ინგლისელი ფეხბურთელის ერთ-ერთი თანაგუნდელი შეესწრო და დაიზაფრა, ასეთს არაფერს ელოდა. დანარჩენები კი გაოცებულები უყურებდნენ, როგორ იქცეოდა ის საპირფარეშოდან გამოსვლის შემდეგ.

როგორც მოგახსენეთ, ნახევარი საათის შემდეგ მწვრთნელმა, რომელიც ბარში ბიჭებთან ერთად ილხენდა, ხსენებული მოთამაშე ტაქსით შინ გააგდო.

„ჩვენს კლუბში ახლა ყველა ამაზე ლაპარაკობს. ეს ოფიციალური საშობაო წვეულება არ იყო, მაგრამ მთელმა გუნდმა, მწვრთნელიანად, თამაშის შემდეგ ცოტა განმუხტვა გადავწყვიტეთ. ერთ-ერთმა მას ტუალეტში შეუსწრო, დანარჩენები კი ვუყურებდით მის საშინელ აღგზნებას და ეიფორიას იქიდან გამოსვლის შემდეგ” — თქვა წყარომ.

„სანის” სხვა წყაროები ამბობენ, რომ ფეხბურთელმა, რომელზეც არის ლაპარაკი, სულ ახლახან, პრემიერლიგის სხვა მრავალ მოთამაშესთან ერთად ნარკოტიკების ყოველწლიური ტესტი ჩააბარა, „სუფთა” იყო და სავარაუდოდ, ამიტომაც იფიქრა, რომ კოკაინის შეყნოსვა შეიძლებოდა. თავიდან ხომ აღარ შეამოწმებდნენ. მისმა ქცევამ თანაგუნდელებში შოკი გამოიწვია.

წესების თანახმად, თუ ფეხბურთელს „ა” კლასის ნარკოტიკს აღმოუჩენენ, მას ორწლიანი დისკვალიფიკაციით დასჯიან.

„სანი” გვამცნობს, რომ 2017-18 წლების სეზონში პრემიერლიგამ 5000-ზე მეტ ფეხბურთელს აუღო სინჯი. მათგან 1923 პრემიერლიგელი იყო. ერთი სეზონით ადრე სინჯი 1171 ფეხბურთელს აუღეს.

გასულ სეზონში ნარკოტიკზე გამოიჭირეს 6 ფეხბურთელი, რომელთა ვინაობას არ ასახელებენ.

და ბოლოს, მართალია „სანი” არ წერს, რომ ფეხბურთელი, რომელმაც კოკაინი შეიყნოსა ნაკრების წევრია, თუმცა ცნობას რატომღაც ინგლისის ეროვნული გუნდის ემბლემა აქვს დართული. რასაკვირველია, ეს შესაძლოა შემთხვევითობაც იყოს.

 

წილი
წინა სტატიასიქა და სეტი
შემდეგი სტატიაგვარდიოლა არ გააგდეს
კობა ინასარიძე–ანი ინასარიძის და ექსკლუზიური მასალების მამა. ხშირად შემჩნეულია ქართულ ფეხბურთში არსებული განუკითხაობისა და არაპროფესიონალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. დელიკატესებიდან უყვარს "სარბიელი", ლუდი და გერმანიის ნაკრები.