პრემიერლიგის უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში, რომელშიც ჩემპიონმა „მანჩესტერ სიტიმ” „ლივერპულს” 2:1 მოუგო, „ქალაქელთა” მწვრთნელს პეპ გვარდიოლას გაუმართლა მოედნიდან რომ არ გააგდეს.

შეხვედრა დაძაბული გახლდათ. ანგარიში პირველ ტაიმში სერხიო აგუერომ გახსნა, მეორეში ლივერპულელმა რობერტო ფირმინომ გაქვითა და გულშემატკივარს იმედი ჩაუსახა, რომ მერსისაიდელები პრემიერლიგაში კვლავ დაუმარცხებლები დარჩებოდნენ, მაგრამ ლეროი სანემ მაინც „სიტის” გამარჯვება გამოჭედა.

თამაშის მიწურულს სტუმრები მთელი ძალებით ცდილობდნენ ანგარიშის ხელმეორედ გაქვითვას და შეეძლოთ კიდეც. ემოციები დუღდა და გადმოდუღდა, მანჩესტერელთა თავკაცმა პეპ გვარდიოლამ კი ერთ ეპიზოდში თავი ვერ მოთოკა. ეს მაშინ მოხდა, როდესაც მო სალაჰის სახიფათო პოზიციიდან დარტყმული მასპინძელთა მეკარე ედერსონმა მოიგერია. აქ, კატალონიელმა მწვრთნელმა მიიჩნია, რომ შემტევმა მხარემ თამაშის წესი დაარღვია, მსაჯმა ენტონი ტეილორმა კი შეტევა არ გააჩერა. გავეშებული გვარდიოლა მეოთხე მსაჯს მივარდა. მან ჯერ შარფი მოიხსნა და დააგდო, შემდეგ კი დიდი აყალმაყალი ატეხა. ეს ტეილორმა მოედნის სიღმიდან შეამჩნია და ვითარების დასაწყნარებლად კიდესთან მიირბინა.

გვარდიოლა თავიდან ვერც მთავარი მსაჯის დანახვამ მოარჯულა. სავარაუდოდ, ის იმთავითვე განწყობილი იყო საიმისოდ, რომ ამ შეხვედრაში მსაჯები სტუმრების სასარგებლოდ შეცდებოდნენ. „სიტის” ბანაკში ამაზე თამაშის წინა დღეებში ღიად ლაპარაკობდნენ კიდეც. „ბარსელონას” ყოფილი თავკაცი გადაჭარბებული ჟესტიკულაციით ცდილობდა თავისი სიმართლის დამტკიცებას, მაგრამ ტეილორი მას არ აჰყვა და სადავეები ხელიდან არ გაუშვა.

მატჩის შემდეგ გვარდიოლამ „სქაი სპორტთან” ინტერვიუში თქვა: „ლივერპული” ის გუნდია, რომელიც გოლებს არ უშვებს, ჩვენ კი მას ორი გავუტანეთ. ჩვენ ვითამაშეთ თამამად, აგრესიული პრესინგის გამოყენებით. ჩვენი დღევანდელი მეტოქე კონტრშეტევებისას საოცრად სწრაფი და სახიფათოა. რომ წაგვეგო, ჩემპიონობისთვის ბრძოლა გართულდებოდა, მაგრამ ახლა „ლივერპულს” 4 ქულით ჩამოვრჩებით და ეს ოპტიმიზმით გვავსებს. პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშება არნახულად დაძაბულია. ტიტულისთვის ბევრი კონკურენტი იბრძვის. ამიერიდან ყოველი შეხვედრა ფინალის ტოლფასი იქნება”.