მადრიდის „რეალმა“ ბრაჰიმ აბდელკადერ დიასის სანაცვლოდ „მანჩესტერ სიტის“ 15 მილიონი ევრო მიუთვალა და მომავალი კვირის დასაწყისში წარადგენს. ნახევარმცველი კონტრაქტს 2025 წლის 30 ივნისამდე გააფორმებს. ეს იქნება „რეალის“ პირველი საახალწლო ტრანსფერი.
მალაგაში დაბადებული 19 წლის ესპანელი 16-ის იყო, „სიტიმ“ „მალაგასგან“ 2015 წელს 200 ათას გირვანქად რომ იყიდა. მისი დებიუტი ინგლისში 2016-ის 21 სექტემბერს შედგა და „სიტისთან“ სამწლიან პროფესიულ კონტრაქტს მოაწერა ხელი. 2017-ის ივლისში „რეალთან“ მოგებულ ამხანაგურ მატჩში გოლიც გაიტანა, მაგრამ წინა (2017-2018) სეზონში გვარდიოლამ სულ ხუთჯერ ათამაშა პრემერლიგაში. სწორედ ამიტომ, ბრაჰიმ დიასმა მანჩესტერში სკამზე ჯდომას „რეალში“ 3 მილიონ 500 ათასი ევრო ხელფასი ამჯობინა და 6 ან 7 იანვარს „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „რეალის“ მაისურით წარსდგება.