ვითომ უნდა გვიხაროდეს?!
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნოვაკ ჯოკოვიჩს ნამდვილი ომი გაუმართა, სეტიც აართვა, სიქა გააძრო და მხოლოდ 6:4, 3:6, 4:6 დამარცხდა.
ბრძოლა რომ თანაბარი იყო ამას პირველ რიგში მატჩის სტატისტიკა და პროცენტული მაჩვენებლები ადასტურებს.
მეორე და მთავარი, ნოვაკის რექციები იყო გამარჯვების შემდეგ რომ ამოხეთქა: ჯერ სულ მჯიღი იკრა გულში, მერე კი ცაში ღმერთს და ტრიბუნებზე მაყურებლებს უთვალა მადლობები.
…გეგონება, ყველა დროის ერთ-ერთი უდიადესი კი არა, ვინმე დამწყები ყოფილიყოს მეორე ეშელონიდან.
… გეგონება, ჩოგბურთით 125 მილიონი არ ეშოვნოს და დოხას ტურნირის საპრიზოზე ჰკიდია მისი ოჯახის კეთილდღეობა.
…გეგონება სლემტიტული ან მასტერსი მოეგოს. ამით ნოვაკმა ნიკას ოსტატობას გაუსვა ხაზი და თუ გუშინ ქანცგამძვრალი ზეიმობდა, კაცმა არ იცის, როგორ დასრულდება მათი მესამე შეყრა.
ამიტომაც არ მიხარია ერთი სეტის მოგება. ჩვენს ჯილას შეუძლია ნებისმიერთან გამარჯვება. ნიკას კი ვულოცავთ: ის უკვე ოფიციალურად გახდა მსოფლიოს დიდი ოცეულის წევრი და აქამომდელი 21-ე ბულგარელ გრიგორი დიმიტროვს გაუცვალა.
და არც არ არის მისი მაქსიმუმი…