რაც უფრო ცოტა დრო რჩება პრემიერლიგურ მთავარ დაპირისპირებამდე, მით უფრო მატულობს ხმაური…
ორიოდ საათით დედამიწის გაჩერების დროა, რაკიღა სიტი-ლივერპულია და ამით ყველაფერია ნათქვამი. პედანტი ინგლისელები ყველა წვრილმანს გულდაგულ ჩაკირკიტებენ, მაგრან ის რაც ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ გააკეთა, ლივერპულელთა აზრით წვრილმანი არ არის და ამან დიდი სკანდალი გამოიწვია. მერსისაიდელები აღშფოთებულნი არიან მთავარმატჩის მთავარ მსაჯად ენტონი ტეილორის დანიშვნით. ენტონი ტეილორი ფრიად გამოცდილი მსაჯია, რაკიღა მეცხრე სეზონს ატარებს პრემიერლიგაში, მაგრამ ლივერპულელების პროტესტიც გასათვალისწინებელია რადგან, ტეილორი 1978 წლის 20 ოქტომბერს მანჩესტერში დაიბადა.
ასეთი ხმაური ლივერპულელებმა შარშანაც ატეხეს „მანჩესტერთან“ ენფილდური მატჩისას. მერსისაიდელთა აზრით, ის უგოლო შეხვედრა ტეილორმა მიკერძოებულად წარმართა.
ზოგადად კი, ენტონი ტეილორს მართლაც მდიდარი „მანჩესტერული დოსიე“ აქვს. თავად განსაჯეთ, აქამდე მას „მანჩესტერის“ 24 მატჩი უმსაჯია და მის თანაქალაქელებს 19-ში უმარჯვიათ. ტეილორს „სიტის“ 29 თამაში აქვს ნამსაჯი და აქაც უმრავლეს შემთხვევაში მანჩესტერელებმა იმარჯვეს.
ლივერპულელთა აზრით კი, თანაქალაქელების შეხვედრებს არ უნდა ემსახურებოდეს ტეილორი და საპირწონედ, ასევე გამოცდილი არბიტრის, მაიკ ჯოუნსის მაგალითი მოჰყავთ. ჯოუნსი ლივერპულელია, უკვე მეცხრამეტე სეზონს ატარებს პრემიერლიგაში და ამდენი წლის მანძილზე მერსისაიდელთა მხოლოდ ორად ორი მატჩი განუსჯია.
ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია კი, მიუხედავად დიდი ხმაურისა გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს, რაც იმასაც ნიშნავს რომ, ფეხბურთელთა მსგავსად უდიდესი წნეხი მსაჯზეც იქნება… შეგახსენებთ, ტურის და მთლიანად ჩემპიონატის მთავარი მატჩი 3 იანვრის 24 საათზე დაიყება…