პოლ პოგბამ მორიგი შოუ მოაწყო — მსოფლიოს ჩემპიონმა „ბორნმუთის” კარში ორი გოლი შეაგდო, რაც გულშემატკივარმა „მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი მწვრთნელისთვის, ჟოზე მოურინიუსთვის მორიგი ალიყურის ჭმევად მიიღო. ახლა 25 წლის ნახევარმცველს უკვე 4 გოლი აქვს გატანილი.

მას მერე, რაც პორტუგალიელი „ოლდ ტრეფორდიდან” გაუშვეს და გუნდი ოლე გუნარ სულშერს ჩააბარეს, პოგბა სხვა კაცად წარმოჩნდა. „ბორნმუთთან” 4:1 გამარჯვების შემდეგ ფრანგს ჰკითხეს, სულშერის მოსვლის შემდეგ გუნდში რა შეიცვალაო. მან უპასუხა:

„ახლა სხვანაირად ვთამაშობთ. აქა-იქ წინა მწვრთნელის ხელშიც ვიგებდით თამაშებს, მაგრამ ახლა სტილი შეიცვალა. ჩვენ უფრო შემტევი გუნდი გავხდით. მოედანზე უფრო წინ ვდგავართ და მეტ სახიფათო მომენტს ვქმნით. ფეხბურთელებს შეტევა გვინდა, მწვრთნელს შეტევა უნდა და სწორედ ეს არის მთელი საიდუმლო”.

რაც „მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელად დანიშნეს სულშერმა სამიდან სამი თამაში მოიგო. არადა, მისი მოსვლიდან სულ ორიოდ კვირაა გასული. „ოლდ ტრეფორდზე” კი განწყობა შეიცვალა. პოგბა ამბობს:

„ვინ იცის, იქნებ ჩვენ სწორედ ახლა მივხვდით, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი” ვართ და ცხრილის სათავეში უნდა ავიდეთ. თქვენც დაინახავდით ფეხბურთელების რეაქციას. საკუთარი თამაშით ყველა სიამოვნებას იღებს და ჩვენც სწორედ ეს გვჭირდებოდა. შედეგები ჩვენივე სიამოვნებისთვის თამაშს და ერთმანეთის დახმარებას მოაქვს”.

სულშერმა კი პოგბა კვირის მატჩში კიდევ ერთი გაბრწყინებისთვის, საგოლე პასისთვის შეაქო. ბელგიელმა რომელუ ლუკაკუმ სწორედ ფრანგის გადაცემის შემდეგ შეაგდო, თუმცა პოგბამ წინ მაინც გუნდურობა დააყენა:

„ეს იყო უმაღლესი დონის თამაში. ჩვენ ყველანი მუხლჩაუხრელი ვმუშაობდით, ვიბრძოდით, არავინ ცდილობდა კოხტაობას და თავის წარმოჩენას”.

სულშერს ჰკითხეს, საგანგებოდ ხომ არ სთხოვა მან პოგბას თვითრეკლამისა და შოუმენობისგან თავის შეკავება. „იუნაიტედის” ყოფილმა ფორვარდმა უპასუხა:

„არა. მე ყველა ფეხბურთელს ერთნაირად ვუთხარი, რომ ჩვენ გუნდური თამაში გვჭირდება, რისთვისაც მათ მაქსიმუმი უნდა გაიღონ”.