„სარბიელის“ მკითხველნო, ქართული სპორტის ქომაგნო, სპორტსმენებო და სპორტზე მწერალნო, სრულიად საქართველოვ – დამდეგ 2019 წელს გილოცავთ!

წლები მიდის, ქვეყანა წინ მძიმედ იძვრის. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ვერ იქნა და ვერ დავსვით იმპორტზე მეტი ექსპორტის, სამშობლოდან ქართველთა გასვლაზე მეტი მობრუნების, სიკვდილიანობაზე მკვეთრად ამაღლებული შობადობის, უხასიათობაზე მეტი კარგი განწყობის მაჩვენებლები, მაგრამ ქართული სპორტი კი ჩვენია და საახალწლო სუფრაზე 2018 წლის მოსავალთან დაკავშირებით მრავალი სადღეგრძელოს თქმის საბაბს მოგცემს.

აზარფეშით იმ ტოჩინოშინის სადღეგრძელოს ვიტყვით, ვინც ქართველთათვის შორეულ ქვეყანასა და უცხო სპორტის სახეობაში გამოაცხადა: ბიჭი ვარ და მოვდივარ, ბიჭები ხართ და დამხვდითო. დაუხვდნენ კი, მაგრამ ლევან გორგაძის ჩაჭიდება წლევანდელი ბაშოების ბრენდად ხომ იქცა და ქართველს ოძეკის დიდებული ტიტულის მოპოვებაში ხელი ვერავინ შეუშალა. იქიდან კი მეფის ტახტამდეც, ანუ იოკუძუნობამდე უძნელესი, მაგრამ ერთი წლის სავალია.

ნიკოლოზ ბასილაშვილის მოგებული ორი ATP-ტურნირი განა ზორბა ფიალის აწევას არ იმსახურებს? მაძღარი, დაწყობილი ქვეყნების შვილთა სათამაშოდ მიჩნეული ჩოგბურთის რუქაზე ქართველმა დიდი შესვენების შემდეგ საქართველოს დროშა მკაფიოდ გამოაჩინა. ინგლისელი ჯენტლმენის შესაფერისი მანერებით, ძუნწი ემოციებით, ვითომ განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა, ქართველმა ჩოგბურთელმა მიყარ-მოყარა რეიტინგ-ლისტის პირველი ასეულის არაერთი წარმოამდგენელი (ხუან მარტინ დელ პოტროს ხსენებაც იკმარებს ალბათ) და დღეს მსოფლიოს 21-ე ჩოგანია. ოცდამეერთეობა კი, მეგობრებო, ჩოგბურთის რანგთა ტაბელში ბევრია და ბევრზე ბევრიც.

დადიანის ყანწით დღეგრძელობა კი, ცხადია, ლაშა ტალახაძეს ეკუთვნის, რადგან მსოფლიო ძალოსნობის ფორმულა 2018 წლის შეჯამებისას შემდეგია: ტალახაძე და სხვები. “რამდენიც გინდა, იმდენი სიმძიმე ჩამოჰკიდე” – მისი ხმით სამოყვარულო ვიდეოში 2018 წლის მთავარი სპორტულ-ქართული ფრაზა ისმის.

გურამ თუშიშვილის და გენო პეტრიაშვილის სადღეგრძელოებს ასევე კაი უძირო ყანწები მოუხდება. ერთმა ძიუდოში და მეორემ თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონის ოქროს მედლები ჩამოუტანეს ქართველ ქომაგს და სადღეგრძელოს ფონზე აღარ გვინდა საუბარი ტოკიოში ულამაზო ხათქახუთქის შესახებ, ქართული სპორტის იარებზე 2019 წელსაც არაერთი თაბახის დახარჯვა მოგვიწევს.

რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა მისთვის მოსაწყენად ქცეული ეროვნებათა თასი მემილიონედ მოიგო, იტალიასთან ნერვებსაწყვეტად პრინციპული თამაში წააგო, მაგრამ უცებ დაამტკიცა (სამოას და ტონგას შემუსვრით), რომ წაგება და მოგება ძმები არიან და უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა 2019 წელს ბორჯღალოსნების მთავარი მიზანი იქნება. მსოფლიო თასის წელია, არ დაგავიწყდეთ! ტევადი განსხვავებული სასმისით დავლოცავთ მათ მომავალ ტრიუმფებსაც და იგივეს ვიტყვით კალათბურთის ეროვნულ ნაკრებზეც, რომელმაც რამდენიმე ჩინებული სურათით ანუ ეპიზოდით გაახარა ქომაგი, როცა ევრობასკეტ-2019-ის შესარჩევ ციკლში რამდენიჯერმე ღირსეულად გაიმარჯვა და წაგებულ თამაშებშიც არ ჩანდა უსუსური. ყანწი ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებსაც – მან წელს იმედები გაგვიცოცხლა, რომ საქართველოში ჯერ კიდევ ნომერ პირველი სპორტი ნელნელა გამოფხიზლებას იწყებს, თუმც ამ გამოფხიზლებას ჯანსაღი მზერით ჭვრეტა მოუხდება და არა ჩვენი ქომაგისთვის ნაცნობი ეიფორია. მთავარი საქმე ქართველ ფეხბურთელებს 2019 წელს ელით.

ელეგანტური ფუჟერით კი ვადღეგრძელებთ ქალთა ოლიმპიურ საჭადრაკო ნაკრებს, რომელმაც ბათუმის ოლიმპიადაზე შეგვახსენა, რომ ოდესღაც დიდი ყოფილა ქართული ჭადრაკი. ოლიმპიური ბრინჯაოს მედალი ჩვენმა ქალბატონებმა საქართველოში დატოვეს და გვაგრძნობინეს: ჭადრაკი ბრძენთა თამაშია, ხოლო სიბრძნე ქართველებს სხვებზე ნაკლებად არ უხდებათ.

ახალ წელს გილოცავთ!