მიდი აბა, თუ ბიჭი ხარ და ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონს მოუგე…
მერე გადი და ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონი დაამარცხე…
ჩოგბურთის ელიტაში მეტეორივით შეჭრილსაც არ დაუტოვო შანსი…
არადა, ეს ყველაფერი იმდენად იოლად და სახეზე ისეთი კეთილი ღიმილით გამოსდის, ხვდები: მისი ნება რომ იყოს ამ პირველობას ყველას უშურველად გაუნაწილებდა. დიდი კაცია და იმიტომ.
დიდ კაცს ადამიანურობის საზომით ვამბობ, თორემ ფიზიკურად მსოფლიოში ყველაზე ძლიერი რომ არის, არავინ დავობს. რა თქმა უნდა, ლაშა ტალახაძე!
ოლიმპიური კომიტეტის და სპორტის სამინისტროს დარად, ლაშას პირველობა სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამაც აღიარა. აღარაა საჭირო დითირამბები – ღირსეული არჩევანია. თუმცა:
ჩემთვის ოთარ თუშიშვილიც უმაგრესი კაცია;
ქართველი და სპორტსმენია გენო პეტრიაშვილი და ნიკა ბასილაშვილი…
ღირსეული და საამაყო სხვაც ბევრია და ამხელა არჩევანი ჩვენი სიამაყე და ფუფუნებაა. მეპატიოს, თუ ოდნავ სადღეგრძელოს დაემსგავსა, მაგრამ სხვაგვარად როგორ?!
სამბისტი ნინო ოძელაშვილის საჩემპიონო დავლურს ფეხზე როგორ არ უნდა წამოვუდგეთ?!
გიორგი ასანიძის საუკეთესო მწვრთნელობა როგორ არ ვაღიაროთ?
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების პროგრესი როგორ ვერ უნდა დავაფასოთ?!
მოკლედ: სპორტული წელი შედგა. იმაზე მაგარი და ხვავრიელი, ჩვენ რომ გვეგონა და ველოდით. ბოდიში, ვინც გამოგვრჩით, მაგრამ მე ერთ სპეციალურ პრიზს დავაწესებდი სპორტში ყველაზე ვაჟკაცური ფრაზისთვის – გიორგი ასანიძის კიდევ ერთმა შეგირდმა ირაკლი თურმანეძემ გუნდის ექიმს რომ უთხრა: „არაფერი მიჭირს. ლაშას მიხედე“.
მადლობა და გილოცავთ!