„საბურთალომ“ გასული სეზონი ჩინებულად ჩაატარა, სტაბილურად ლიდერობდა ეროვნული ლიგის ოთხივე წრის განმავლობაში და ჩემპიონატიც ღირსეულადაც მოიგო.
„ძალიან პატარები ვართ, როგორც კლუბი. უმაღლეს ლიგაში გამოსვლის გამოცდილება არ გვქონდა, ვფიქრობ, ეს შედეგი ნაადრევად მივიღეთ, თუმცა ამისკენ დიდი ხანია მივდივართ,“ – უთხრა საბურთალოელთა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა კლუბის ოფიციალურ ვებ გვერდს.
ნაადრევად მიღებული შედეგის რა მოგახსენოთ, მაგრამ ფაქტია, ყველას ჯობდნენ.
ახლა ყველას გვაინტერესებს როგორ მოემზადება „საბურთალო“ ახალი სეზონისთვის და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის.
რამდენიმე გამოცდილი ლეგიონერის დამატებას აპირებენ. ამჟამად სამ ფეხბურთელზეა საუბარი, ერთ მცველსა და ერთ თავდამსხმელს იტალიური სერია A-ში თამაშის რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვთ, ერთი კი ისრაელის უმაღლეს ლიგაში თამაშობდა.
ერთი ახალწვეულის ვინაობა კი ცნობილია. ეს გამოცდილი მეკარე, 34 წლის ომარ მიგინეიშვილია, რომელსაც თავის დროზე ქუთაისის „ტორპედოში“, თბილისის „დინამოში“, „რუსთავში“, „ზესტაფონსა“ და „სამტრედიაში“ უთამაშია.
საბურთალოელები 10 იანვარს შეიკრიბებიან თბილისში. 12-13 რიცხვში „ზამთრის თასის“ გათამაშებაში მიიღებენ მონაწილეობას. გაისადაც ორ შეკრებას გაივლიან, ორივეს თურქეთში – სიდესა და ლარაში.
პირველ შეკრებაზე გუნდი 20 იანვრიდან 2 თებერვლამდე მოემზადება, შემდეგ კი 6-19 თებერვლამდე. უკვე გარკვეულია რამდენიმე სპარინგ-მეტოქის ვინაობაც – თბილისელები რუმინეთის უმაღლეს ლიგელ „ვიტორიუს“ დაუპირისპირდებიან, რომელიც შიდა ჩემპიონატში მე-5 ადგილზე იმყოფება. ასევე, გაეჯიბრებიან მაკედონიის მესამე ადგილზე მყოფ „რაბოტნიჩკისა“ და რუსეთის პრემიერლიგის „ახმატს“.