ეს ცნობა, რომელიც უშუალოდ ფეხბურთის თამაშს არ ეხება, ალბათ უფრო დასაფიქრებელია. ფოტოზე ხედავთ რაც ხდება: „მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდა და ყველა დროის საუკეთესეო ბომბარდირი უეინ რუნი „ოლდ ტრეფორდზე” მივიდა თავისი მეგობრისა და თანაგუნდელის ოლე გუნარ სულშერის მხარდასაჭერად — სულშერი ჟოზე მოურინიუს ნაცვლად „იუნაიტედის” დროებით მწვრთნელად დანიშნეს — და მიუხედავად იმისა, რომ მანჩესტერში რუნის სტიუარდი კი არა, რომ იტყვიან ძაღლი და ღორიც ცნობს, ის მაინც გაჩხრიკეს. რატომ? იმიტომ, რომ კანონი კანონია.
ნორვეგიელი ვეტერანის ხელმძღვანელობით „მანჩესტერ იუნაიტედმა” უკვე ორი თამაში მოიგო. მართალია, უძლიერეს მეტოქეებთან ჯერ არ მოსწევია გაჯიბრება, მაგრამ „კარდიფს” სტუმრად 5:1 და „ჰადერსფილდს” შინ 3:1 მოუგო.
რუნი კი „მანჩესტერში” ბავშვობის კლუბიდან „ევერტონიდან” 19 წლისა გადავიდა. დღეს ის აშშ-ში, „DC იუნაიტედში” თამაშობს.
რუნიმ და სულშერმა ერთად 29 შეხვედრა ჩაატარეს. ეს 2004-2007 წლებში მოხდა ანუ რუნის გუნდში მისვლიდან სულშერის წასვლამდე. 2007 წელს რუნი და სულშერი ალექს ფერგიუსონის ხელმძღვანელობით ერთად გახდნენ პრემიერლიგის ჩემპიონები.
სულშერმა „მანჩესტერ იუნაიტედში” 11 წელიწადი დაჰყო და 366 შეხვედრაში 126 გოლი გაიტანა.
რუნიმ 13 წელიწადში 559 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 253 გოლი შეაგდო.