48 წლის ფრანკ დე ბური ამერიკული „ატლანტა იუნაიტედის“ თავკაცად დანიშნეს. ჰოლანდიელმა მწვრთნელმა ჯორჯიის შტატის დედაქალაქის კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა და მუშაობას 1 იანვრიდან შეუდგება. მან არგენტინელი ხერარდო „ტატა“ მარტინო შეცვალა, რომლის ხელშიც გუნდი წლეულს მეიჯორ ლიგის ჩემპიონი გახდა.
„აიაქსში“ (2010– 2016) მუშაობის შემდეგ დე ბურმა მილანის „ინტერის“ მწვრთნელობა ითავა, თუმცა 2016 წლის ნოემბერში მოხსნეს ზედიზედ სამი წაგების გამო. მომდევნო (2017-2018) სეზონში ჰოლანდიელმა ბედი პრემიერლიგაში სცადა – „კრისტალ პალასი“ ჩაიბარა, მაგრამ იქ უფრო უარესად წაუვიდა საქმე, ვიდრე „ინტერში“. „კრისტალ პალასიდან“ 10 სექტემბერს დაითხოვეს, რადგან გუნდმა მიჯრით ოთხი მატჩი გოლგაუტანლად წააგო.
აქვე ვთქვათ, რომ „აიაქსმა“ დე ბურის თავკაცობით ოთხჯერ მოიგო ჰოლანდიის ჩემპიონატი. მართალია, იტალიაში და ინგლისში მწვრთნელობაში ხელი მოეცარა, მაგრამ ეგებ ოკეანის გაღმა გაუმართლოს.