არგენტინის ნაკრების 26 წლის ნახევარმცველი მაქსიმილიანო იგივე მაქსი მესა არგენტინული „ინდეპენდიენტედან” მექსიკურ „მონტერეიში” გადავიდა. ეს ცნობა საკუთრივ „ინდეპენდიენტემ” დაადასტურა. ბუენოს აირესის პროვინციაში მდებარე საპორტო ქალაქ აველანედას კლუბმა მესას სანაცვლოდ მექსიკელებს 15 მილიონი დოლარი გამოართვა. მესამ, რომელიც ფეხბურთის ქართველ მოყვარულებს მსოფლიოს წლევანდელი ჩემპიონატიდან გვახსოვს, „ინდეპენდიენტეში” ორი წელიწადი გაატარა და გუნდთან ერთად „კოპა სუდამერიკანა” მოიგო.

რაც შეეხება „მონტერეის”, ის მექსიკის ჩრდილოეთში ყველაზე ძველი კლუბია, რომელიც პროფესიულ ლიგას შემორჩა. „მონტერეი” დაარსებულია 1945 წელს. ის გახლავთ მექსიკის ოთხგზის ჩემპიონი, ორგზის თასის მფლობელი და კონკაკაფის ჩემპიონთა ლიგის სამგზის გამარჯვებული. 1975 წელს ამ გუნდში თამაშობდა ლეგენდარული პორტუგალიელი ფეხბურთელი ეუსებიო.