გოგა ბითაძე მონტენეგროს “ბუდუჩნოსტში” გადავიდა. ბუნებრივია, უნიჭიერესი ქართველი კალათბურთელის კარიერული წინსვლა (ევროლიგაში ითამაშებს) ყველას გვახარებს, მაგრამ…. “ბუდუჩნოსტი”, ფაქტობრივად, საქართველოს ნაკრებს ცენტრფორვარდს ართმევს. გოგასთვის მხოლოდ წარმატება გვემეტება, მაგრამ ცვედანი FIBA-ს წყალობით ჩვენი გუნდი წლიდან წლამდე საუკეთესოთა გარეშე დარჩება – ევროლიგის და NBA-ის გუნდები ჩვენს მენაკრებეებს არ გამოუშვებენ, მათ გარეშე კი მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ისევ ოცნებად დაგვირჩება. ზაზა – არა, თოკო – არა, გოგა – არა. უკვე ბევრია და ხვალ-ზეგ დანაკლისი მეტი იქნება. შესაძლოა, ამ მოსაზრებამ ბევრი გააღიზიანოს, მაგრამ ჩემთვის ქართველი სპორტსმენის წარმატება ხუთჯვრიანი დროშის ქვეშ მოპოვებული გამარჯვებებით იზომება. ჩემი თავი შემოევლოს ყველა ჩვენ მორაგბეს და საფრანგეთში ფანტასტიური კარიერაც მისურვებია, რადგან მერე იქ დახვეწილი ოსტატობით აქ ბორჯღალის სადიდებლად ომის საშუალებაც აქვთ. ჩვენი ფეხბურთელების მორიგი ტრანსფერიც ახალი მენაკრებე ვარსკვლავის პერსპექტივით მახარებს, თორემ ხელფასის მატება და პირადი ტიტულები მხოლოდ მეორადი ეფექტია. როგორ არ გამიხარდა ნიკა შერაზადიშვილის მსოფლიოს ჩემპიონობა ძიუდოში, მაგრამ ჰიმნი რომ ესპანეთის იყო, მაგან დამწყვიტა გული. კახი კახიაშვილი ლეგენდარული ადამიანია, მაგრამ მის ორ ოლიმპიურ ოქროს ჰიმნისას საბერძნეთი წამოუდგა ფეხზე. ჩამოვთვლიდი, მაგრამ ათეულებია. მხოლოდ იმის თქმა მინდოდა, რომ გამარჯვებულის დანახვაზე მის მაისურზე საქართველოს დროში ნახვა და ჩემი ჰიმნიც მჭირდება. აბ ბიჭებს რას ვერჩი. დამნაშავე სულზე ფულმიყიდული საერთაშორისო ფედერაციებია. დიდ ფულს კი, თქვენ ხართ ჩემი ბატონი, არამხოლოდ სუნი არ აქვს, დროშის ფერებსაც ვერ არჩევს. “ბუდუჩნოსტმა” რომ შეიძინა, საქართველოს ნაკრებმა რად დაკარგა? სულ ეს იყო სათქმელი.

წილი
წინა სტატიაუეფა და დიდუბე
შემდეგი სტატიაგაჭიანურებული თერაპია
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".