„სანმა” ექსკლუზივი მოიპოვა: „მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარული მწვრთნელი ალექს ფერგიუსონი ოლე გუნარ სულშერის კონსულტანტად დადგება და თავის ყოფილ თავდამსხმელს გუნდის ძველ სიმაღლეებზე აყვანაში დაეხმარებაო. გაზეთის ცნობით ის, რომ ჟოზე მოურინიუს შემდეგ მანჩესტერელთა დროებით თავკაცად სწორედ სულშერი დანიშნეს, სერ ალექსთან კონსულტაციების შედეგია.

ცხადია, ეს ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ნაინსულტარი ლეგენდა, რომელიც შემდეგ ორშაბათს, 31 დეკემბერს, 77 წლისა ხდება რეგულარულ მუშაობას შეუდგება, მაგრამ ნორვეგიელი მწვრთნელი თავის ყოფილ მენტორთან ხშირად შეხვედრას აპირებს, რასაც მისი პორტუგალიელი წინამორბედი არ აკეთებდა.

„სანი” წერს, რომ ფერგიმ თავისი ყოფილი ასისტენტის, 56 წლის მაიკლ ფილენის დასაბრუნებლადაც ჩააგდო სიტყვა სადაც საჭირო იყო. ახლა, საქმე პეტერ შმაიხელზეა მიმდგარი. დიდ დანიელ მეკარეს „იუნაიტედის” საფეხბურთო საქმეთა დირექტორად სურს მოწყობა.

ამრიგად, გაირკვა, რომ კლუბის ვიცე-თავმჯდომარე ედ ვუდვორდი სამი არასწორი მწვრთნელის დანიშვნის შემდეგ, ფერგის და მის გვარდიას მიუბრუნდა. შეგახსენებთ, რომ მოურინიუს მოხსნა საბოლოოდ „ლივერპულთან” 1:3 დამარცხების შემდეგ გადაწყდა.

ის, რომ სულშერის და ფილენის დანიშვნაში ფერგის ხელი ურევია, „სანს” „მანჩესტერ იუნაიტედში” თავისმა წყარომაც დაუდასტურა. გაზეთი წერს, რომ აქამდე ვუდვორდი ფერგიუსონს, ბობი ჩარლტონს და დევიდ გილს არაფერს ეკითხებოდა, არადა მათ საფეხბურთო საბჭო ჰქვიათ. ცხადია, რომ ვუდვორდმა საბჭოს არც 2016 წელს ლუი ვან გაალის შემდეგ მოურინიუს დანიშვნის დროს ჰკითხა ჭკუა.