რა ტრუსი, რის მაისური? რა მესი და რის რონალდუ? შვედურმა აიკ-მა ყოფილი კაპიტნის, ნილს-ერიკ იოჰანსონის დნმ-ის გაყიდვა დაიწყო! დნმ ანუ მოლეკულა, რომელიც გენეტიკურ ინფორმაციას შეიცავს, კრისტალიზებულია, სინჯარაშია მოთავსებული, 500 წლის განმავლობაში ინახება და 307 ევრო ღირს.
კომპანია, რომელიც დნმ-ის „წარმოებასა“ და გაყიდვაზე მუშაობს, „ჩელსის“ ყოფილი მეკარის მაგნუს ჰედმანის და ვინმე რობერტ გრასის დაფუძნებულია.
ვის რად უნდა იოჰანსონის დნმ? ვის და, აიკ-ის ქომაგებს, რადგან ექს-კაპიტანმა 9 წელი (2008-2017) უერთგულა გუნდს და გულშემატკივართა კერპად იქცა. 38 წლის ნილს-ერიკს გულზე პრობლემა ჰქონდა და გასულ თებერვალს ექიმმა ფეხბურთის თამაში აუკრძალა. იოჰანსონს 371 მატჩი მოუგროვდა აიკ-ის შემადგენლობაში და სწორედ ამდენი სინჯარა გამოიტანა კლუბმა გასაყიდად. 307 ევროში შედის კაპიტნის სამკლავური ნილს-ერიკის სურათით და დნმ-ის უტყუარობის დამადასტურებელი ქაღალდი. შემოსავლის ნაწილი ქველმოქმედებაში წავა.
იოჰანსონს უთამაშია “ბაიერნში“, „ნიურნბერგში“ „ბლექბერნში“ და „ლესტერში“. „ბაიერნში“ გერმანიის ჩემპიონი გახდა 2000-ში, „ბლექბერნში“ კი ლიგის თასი (2002) მოიგო.