კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის ყველაზე ფასეულ მოთამაშედ (MVP) „რეალის” 23 წლის ნახევარმცველი მარკოს ლორენტე დაასახელეს. ლორენტე მადრიდშია დაბადებული. ის 2008 წელს, 13 წლისა შეუერთდა „რეალის” ბავშვთა სკოლას.
მარკოს ლორენტე მადრიდელთა ლეგენდარული გარემარბის ფრანსისკო (პაკო) ხენტოს დის შვილიშვილია. მამამისი ფრანსისკო ლორენტე ხენტო ასევე გარემარბი გახლდათ. ის თამაშობდა „ატლეტიკოში”, „რეალსა” და „კომპოსტელაში”. ყველაზე მეტი შეხვედრა (106) „რეალის” შემადგენლობაში ჩაატარა. დედამისის მამა რამონ მორენო გროსოც „რეალის” თავდამსხმელი იყო — 265 შეხვედრაში 54 გოლი შეაგდო.
რჩებით „რეალში”? — ჰკითხეს MVP-ს „ალ აინთან” 4:1 გამარჯვების შემდეგ.
„დიახ, მე „რეალის” ფეხბურთელი ვარ და კონტრაქტით კლუბთან კიდევ ბევრი წელიწადი მაკავშირებს”, — უპასუხა ნახევარმცველმა, რომელსაც ზინედინ ზიდანი და ხულენ ლოპეტეგი ძირითად შემადგენლობაში ნაკლებად ათამაშებდნენ, სანტიაგო სოლარიმ კი ტრავმირებული კაზემიროს ადგილი ჩააბარა.
„დღეს „რეალის” სახელით პირველი გოლი გავიტანე, ბედნიერი ვარ. ცხოვრება ასეთია, ის შეიძლება ერთ დღეში შეიცვალოს. ამიტომ, სულ უნდა იმუშაო და გარდამტეხი მომენტისთვის მზად იყო”, — უპასუხა მან როდესაც პროგრესის შესახებ ჰკითხეს.
რაც შეეხება გუნდის გამოცოცხლებას:
„სწორედ ამას ველოდით. საამისოდ ვმუშაობდით და შევძელით რომ დაცვაში მტკიცედ დავმდგარიყავით, შეტევაში კი აგრესიულად გვეთამაშა”.
ფინალის ყველაზე ფასეულ მოთამაშედ დასახელებაზე ლორენტემ ასე თქვა:
„ეს ის ჯილდოა, რომლის მოპოვებამაც გამახარა. მე ფინალში გოლიც გავიტანე და ყველამ ერთად კლუბთა მსოფლიოს თასი ავღმართეთ. უკან ვიყურები და ვხედავ, რისთვისაც ვმუშაობდით და ვიბრძოდით. ახლა ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად უნდა ვიზეიმო.
ასეთ წარმატებაზე ოცნებით რასაკვირველია ვოცნებობდი, მაგრამ მეგონა ის ჯერ შორს იყო. ძირითად შემადგენლობაში მოხვედრას და ხელადვე ფინალში წარმატებას არ ველდი”.
გოლის შესახებ: „საერთოდ გოლები ხშირად არ გამაქვს და ყოველთვის როდესაც ჩემი დარტყმის შემდეგ ბურთი მეტოქის კარში შევარდბა, ძალიან მიხარია. ამჯერად კუთხური ჩავაწოდეთ. გამოტანილი ბურთი ჩემსკენ წამოვიდა და მე თავს ვუთხარი: „იცოდე, ეს შენია!” რაც ძალი და ღონე მქონდა დავარტყი. საბედნიეროდ, ბურთი კარში შევარდა. ამ გოლს ჩემს ოჯახს და ჩემს მეგობარ გოგონას ვუძღვნი. ისინი ყოველდღე მხარში მიდგანან”.