არანაირი შეცდომა. ნამდვილად ქართველია. თანაც ძალიან სიმპათიური ქალბატონი. ეთერ თუთბერიძე ჰქვია, საკუთარ საქმეში მსოფლიოში პირველია, მაგრამ ვიდრე მის მიერ ჩადენილ მკვლელობაზე გადავალთ, ერთი ხავსმოდებული ანეკდოტი უნდა შეგახსენოთ: მიხო და მარო ფიგურულ სრიალს უყურებენ. მიხომ ირინა როდნინას დანახვაზე ჩაილაპარაკა:

ირინა როდნინა და ალეკსანდრ ზაიცევი

– აუფ, ეს მომცა „პრაიზვოლნი“ პროგრამაში…

მარო გამოეპასუხა:

– ჰოოო, „აბიზაწელნიში“ ხო მხეცი ხარ!

ანეკდოტი იმად გამახსენდა, რომ მაშინ ყინულზე ქალები იდგნენ – ულამაზესი ქალები, ულამაზეს და იმ დროისთვის უსექსუალურეს ფორმებში.

იმიტომაც ვიყავით მიჯაჭვული ეკრანს. მარტო როდნინა რატომ? საწყალი კაწია გორდეევა (თავით დაეცა ყინულზე-მეუღლემ და მეწყვილე გრინკოვმა ვერ შეიმაგრა)? სარა მაიერი? ირინა სლუცკაია? მაო ასადა? ისინი ფოტომოდელებს ჩრდილავდნენ.

წლებთან ერთად მსაჯობაში კომპიუტერმა იძალა და ტექნიკურ ელემენტებს გადამწყვეტი როლი მიენიჭა. ცვლილებებს ყველაზე ადრე ალღო ეთერ თუთბერიძემ აუღო. დღეს მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონიც და მსოფლიო ჩემპიონიც მისი მოწაფეები არიან, მაგრამ შესაძლოა, ამ გოგონებს 18-19 წლის ასაკში პენსიაში გასვლა მოუხდეთ…

14 წლის ვუნდერკინდი ალკსანდრა ტრუსოვა

გუშინწინ დასრულებულ რუსეთის ჩემპიონატზე ისინი კვარცხლბეკზე ვერ მოხვდნენ. პირველ სამ ადგილზე თუთბერიძის სხვა სამი მოწაფე გავიდა და სამივე… 14 წლისაა.

ეს „ჭინკები“ მამაკაცთათვის რთულ ოთხმაგ ბრუნებს ღიმილ-ღიმილით ასრულენენ და საჩემპიონო ქულებს აგროვებენ, მაგრამ საერთაშორისო დონეზე უფროსთა შორის გამოსვლას ასაკობრივი ცენზი უკრძალავთ.

არადა, მოვა დრო, გავლენ ეს ბავშვები ყინულზე და აზრს დაუკარგავენ ნებისმიერ შეჯიბრს. მე ფიგურულმა სრიალმა უკვე დამკარგა. იმ ქალურობასთან, სილამაზესთან, გრაციასთან ერთად სპორტის ეს სახეობა დაიკარგა და ყინულის აკრობატიკად თუ სპორტულ ტანვარჯიშად იქცა. ამას რუსეთშიც ხვდებიან – მაყურებელი გაცივდა ფიგურული სრიალის მიმართ.

ეთერ თუთბერიძეს უკვე უწოდეს ფიგურული სრიალის მკვლელი. ათწლიანი წარუმატებლობის შემდეგ მან რუსეთი ტრიუმფამდე მიიყვანა, მერე კი მსოფლიოს ჩემპიონატი საკუთარ სკოლაში პატარა გოგონების ვარჯიშამდე დაახურდავა.

კარგი იყო როდნინა… განსაკუთრებით, „პრაიზვოლნი“ პროგრამაში…

წილი
წინა სტატიაMVP – ხენტო პაპის გასახარად!
შემდეგი სტატიაკულისებში ფერგი ზის
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".