„მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარულ მწვრთნელს სერ ალექს ფერგიუსონს საჭიროების შემთხვევაში გასახდელში ფეხბურთელებისთვის ყვირილი სჩვეოდა და მის ამ ღრიალს ფენს უძახდნენ — თმას აშრობს და ყალყზე აყენებსო. დღეს, მანჩესტერელთა ახალი ოღონდ დროებითი თავკაცი ოლე გუნარ სულშერი (ვისაც გნებავთ სოლსკიაერი) ამბობს, რომ სულაც არ არის გამორიცხული მანაც ააბღავლოს თავისი ფენი.

სულშერს, რომელსაც ფერგის ფენის მხურვალება საკუთარ თავზე ბევრჯერ უწვნევია, თავის ყოფილ-ახალ გუნდში დღეს აქვს სამწვრთნელო დებიუტი: საქართველოს დროით 21 საათსა და 30 წუთზე „მანჩესტერ იუნაიტედი” კარდიფში თამაშობს. შეგახსენებთ, „კარდიფი” ის გუნდია, სადაც ნორვეგიელი ერთიხანობა მუშაობდა, ოღონდ წარუმატებლად. მოკლედ, სულშერმა ინგლისში მუშაობა სადაც შეწყვიტა, იქ აგრძელებს.

„მე მაქვს ფენი. როდესაც თმის გაშრობა მინდა ვიყენებ ხოლმე, — თქვა მატჩისწინა პრეს-კონფერენციაზე სულშერმა და დასძინა, — მაგრამ, ფენის წესრიგის დასამყარებლად გამოყენებასაც არ ვერიდები. როდესაც ადამიანს შვილები აბრაზებენ ის მათ შოკოლადს კი არ აძლევს, უწყრება, ხომ მართალია? მწვრთნელი ფეხბურთელებსაც ისე უნდა ექცეოდეს, როგორც შვილებს, რადგან მათგანაც საუკეთესოს გამოწურვა უნდა. ჰკითხეთ „მიოლდეში” ჩემს ფეხბურთელებს. ხანდახან მართლა საჭიროა ყველას შეახსენო როგორია წესი და რიგი უნდა იყოს გუნდში”.

ინგლისური მედია წერს, რომ სულშერის წესსა და რიგში სოციალურ მედიაში პოსტების გამოქვეყნება არ შედის.

„მე ბიჭებს ამის შესახებ უკვე ველაპარაკე. ვუთხარი, რა სტანდარტები გვექნება მოედანზე თუ მის მიღმა. მწამს, მათ იციან რას აკეთებენ, რითი ეხმარებიან გუნდს. ყველაფერი რასაც გავაკეთებთ გუნდის დახმარებას უნდა ისახავდეს მიზნად.

დღეს მსოფლიო შეიცვალა. მე არ ვარ სოციალურ ქსელებში, ჩემი ბავშვები კი არიან. მე მოხუცი ვარ ყოველგვარი ტვიტერისა და ფეისბუქისთვის, თუმცა შეიძლება თავად ფეისბუქიც უკვე ბებერია. მაგრამ, მე ჩემს დამოკიდებულებაში საღ აზრს ვხედავ და ფეხბურთელებს ამის შესახებ ველაპარაკე.

მოკლედ, ჩვენ მიზნად წარმატებას დავისახავთ და ამ მიზნისკენ გუნდურად ვივლით”.