“ლებრონიდან ზაზამდე” – ამგვარი სათაური დაურთო მედიამეტრმა “ნიუ-იორკ თაიმსმა” თავის წერილს, რომელიც კალათბურთის ნაციონალური ასოციაციის 2003 წლის დრაფტის ხუთი ყველაზე წარმატებული მონაწილის შესახებ ჰყვება. ემ ბრაიან ბოუენსის ნახატზე ლებრონ ჯეიმსი გულღიად იღიმის, ზაზა ფაჩულია კი სუსხიანად იყურება ჰორიზონტისკენ. კიდევ დუეინ უეიდი, კაილ კორვერი და კარმელო ენტონი – ეს არის ხუთეული, რომელმაც, “ნიუ-იორკ თაიმსის” თქმით, იმ დრაფტის სხვა მრავალ მონაწილეთაგან განსხვავებით ბრწყინვალე კარიერა ააწყო.

2003-ელები. წყარო: “ნიუ-იორკ თაიმსი”

მათი პირველი შეხვედრა NBA-ს შესავალი პროგრამის ფარგლებში შედგა, სადაც ორმოც სხვა მონაწილესთან ერთად, მსოფლიოს უდიდეს და უძნელეს საკალათბურთო გარემოში გასაძლებად აუცილებელ უნარ-ჩვევებს სწავლობდნენ. ასოციაციას სჭირდებოდა ახალი სისხლი. რამდენიმე თვით ადრე თვით მაიკლ ჯორდანს შეეწყვიტა პროფესიონალური კალათბურთის თამაში, სხვა პირველხარისხოვანი ვარსკვლავი ვერ გამოჩენილიყო. 2003 წლის დრაფტმა “ორმო” ამოავსო, იმ ნაკადიდან “ალ სტარზეც” კი სარეკორდო ცხრა კალათბურთელს აქვს ნათამაშევი

“ამ ბიჭებს უდიდეს პატივს ვცემ” – ამბობს ზაზა ერთერთ ბოლო ინტერვიუში – “არ ჩავძიებივარ რიცხვებს და სტატისტიკას, მაგრამ ჩემი არ იყოს, მათ უყვართ ეს თამაში და დღემდე კონკურენტუნარიანები არიან”.

ქართულს სპორტულ პრესას და კერძოდ “სარბიელს” თავის დროზე ყურადღება არ დაუკლია 2002 და 2003 წლების დრაფტებისთვის, როცა ზაზას NBA-ში მოხვედრის ბედი წყდებოდა, მაგრამ “ნიუ იორკ თაიმსი” ამბავს იმეორებს და ჩვენც განვაახლოთ მკითხველის მოგონებები: ზაზა ფაჩულია ამერიკის საკალათბურთო ასოციაციაში გადასვლას 2002 წელს აპირებდა, მაგრამ აგენტმა გადააფიქრებინა, უძნელესი კონკურსია და ერთი წელიც შეიცადეო. მომდევნო დრაფტზე “მედისონ სქვეარ გარდენში” ზაზა ახალ კოსტიუმში გამოწკეპილი მივიდაო, აგრძელებს თემას “ნიუ-იორკ თაიმსი”. “მწვანე ოთახში”, სადაც კალათბურთელებს ლატარიის პრინციპით ირჩევდნენ არ დაუძახეს, მაგრამ პირველ რაუნდში გასვლის იმედი მაინც არ დაუკარგავს. ამოყარეს სახელები და ზაზა მიხვდა, რომ არც 2003 წლის დრაფტი გამოდიოდა იოლად სასეირნო: მისი გვარი სიაში არ იყო. “მეგონა ცხოვრება დამთავრდა” – ამბობს ქართველი, რომელის მაშინდელ ასაკში ამგვარი სტრესის გადატანას დიდი სულიერი ძალა სჭირდება. მაგრამ ზაზამ გაძლო და დღეს იგი მსოფლიოს ყველაზე ელიტარული საკალათბურთო პირველობის ორგზის გამარჯვებულია “გოლდენ სთეით უორიორზის” სახელით. ზაზას NBA-ში სასტიკი კალათბურთელის სახელი დაუმკვიდრდა. “გაგაფუჭებს” – მოკლედ ამბობს ქართველზე დუეინ უეიდი 2003 წლის დრაფტის ზემოთნახსენები დიდი ხუთეულიდან, ოღონდ ბევრად უფრო მაგარი ზმნის გამოყენებით, რომელიც საჯაროდ არ ითქმის.

მეორე მხრივ კი: “ფაჩულიაზე კარგი თანაგუნდელი და ამხანაგი არ მეგულება” – ეს იმავე ხუთეულის წევრის, კაილ კორვერის აზრი გახლავთ, რომელსაც ქართველის მხარდამხარ ერთი სეზონი “ატლანტა ჰოკსში” უთამაშია. ეს აზრი უფრო სარწმუნოა, ვიდრე NBA-ს ერთი მითთაგანი ქართველი კალათბურთელის დაუნდობლობის შესახებ.

წილი
წინა სტატიამესი 20 მილიონით გაიაფდა
შემდეგი სტატიაზლატანი და კაკა
დავით გულუა
თუკი მეგრელი პატიოსანი გამოვიდა, ძრწოდეთ კახელებო. ნიჭზე კი ლაპარაკი ზედმეტია. უნიჭო მეგრელი ისტორიაში სულ სამი-ოთხი იყო. ჯანდაბას, ხუთი... დავით გულუა, წესიერ და ნიჭიერ მეგრელთა კატეგორიას განეკუთვნება რომელსაც კიდევ ერთი დიდი პლიუსი აქვს - თხემით ტერფამდე სარბიელელია