მადრიდის „ატლეტიკოს“ საშობაო წვეულებაზე როკ კონცერტი გაიმართა. საამისოდ როკ-ჯგუფი არ მიუპატიჟებიათ – მომღერალი გახლავთ დიეგო სიმეონეს თავქარიანი თანაშემწე ხერმან ადრიან რამონ ბურგოსი, მეტსახელად „მონო“, რაც მაიმუნს ნიშნავს.

„ატლეტიკოს“ ყოფილი მეკარე (2001-2004) 90-იანი წლებიდან მღერის. მის პირველ ჯგუფს ერქვა „ლა პიარა“ (ფარა), მერე კი სახელი შეუცვალა – „ბურგოს სიმპატია“. ბოლოს, მადრიდში თამაშისას, მეორედ გადანათლა ჯგუფი და „ხარბ“-ი დაარქვა – საკუთარი სახელის პირველი ასოები.

მაიმუნი იმიტომ შეარქვეს, რომ თამაშის დროს მაიმუნობდა. უყვარდა კარიდან შორს გამოსვლა და ფინტაობა, ბურთის მოგერიება მკერდით, ნაცვლად იმისა რომ ხელით დაეჭირა და სხვა ცეტობები. ეცვა გრძელი შარვალი, ჩატანებული გეტრებში. ერთხელ, „მალიორკაში“ თამაშისას, „ესპანიოლის“ ფორვარდმა მანოლო სერანომ დედა შეაგინა და ბურგოსმა ისეთი ტაში შემოჰკრა სერანოს, რომ 11 მატჩიანი დისკვალიფიკაცია გაუფორმეს.

არც მოედნის გარეთ იყო მორცხვი ყმაწვილი. ვატიკანში სტუმრობისას რომის პაპზე უხუმრია და გამოაძევეს. მერე უთქვამს, მაინც უნდა გამოვსულიყავი მოსაწევადო…

წილი
წინა სტატიაშალკეში ნახშირი გათავდა
შემდეგი სტატიაალექსის სანჩესმა ნიძლავი მოიგო
ვაჟა ხუციშვილი
ვაჟა ფშაველა... უკაცრავად, ფშაველი ვაჟა, გვარად ხუციშვილი. ერთგული, ნიჭიერი და ესპანეთში ნაცხოვრები კაცია, რომელმაც „რეალის” და „ბარსელონას” ქვეყანა შიგნიდან იცის და მკითხველისთვის მრავალი საინტერესო ამბის მოყოლა შეუძლია. ხანდახან ამბობს, კუში კოშმარიაო და ვერ გაიგებ, „მაზიანების” წინააღმდეგია თუ ვიღაც კაცის სახელსა და გვარს ასახელებს.