„მანჩესტერ იუნაიტედი” დროებით მწვრთნელად თავის ყოფილ ვარსკვლავს ოლე გუნარ სულშერს ნიშნავს. სულშერი ნორვეგიელია. ადრე ქართულ პრესაში სოლსკიაერადაც მოიხსენიებოდა. მას უწოდებდნენ მკვლელს ბავშვის სახით. ის ფორვარდი იყო.
შეგახსენებთ, რომ „იუნაიტედმა” გუშინ მწვრთნელის თანამდებობიდან ჟოზე მოურინიუ მოხსნა.
„მანჩესტერ იუნაიტედის” აღმასრულებელ შეფს ედ ვუდვორდს უნდოდა დროებითი მწვრთნელის ვინაობა 48 საათში დაესახელებინა, მაგრამ დაფარული ვადაზე ადრე გაცხადდა. საკუთრივ კლუბის ოფიციალურ ვებ გვერდზეც კი გამოჩნდა ვიდეო, როგორ გააქვს ნორვეგიელს გამარჯვების გოლი 1999 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში, „ბაიერნის” კარში. ვიდეოს აქვს მინაწერი: „ყველაზე ცნობილი ღამე ოლეს კარიერაში”.
მინაწერის დაბლა კი აღნიშნულია: „კამპ ნოუზე” გატანილი „იმ” გოლიდან 20 წლის შემდეგ სულშერი დროებითი მწვრთნელი ხდება”.
ცნობა თვით ნორვეგიის პრემიერ მინისტრმაც დაადასტურა. ქალბატონმა ერნა სოლბერგმა „ტვიტერში” დაწერა: „დღეს ნორვეგიული ფეხბურთისთვის დიდებული დღეა. ოლე, „წითელი ეშმაკების” მართვაში იღბალს გისურვებ”.
ოლე გუნარ სულშერმა სამწვრთნელო კარიერა 2008 წელს „მანჩესტერ იუნაიტედის” სარეზერვო გუნდში დაიწყო. ერთი წლის შემდეგ ის ინგლისიდან სამშობლოში გადავიდა და „მიოლდეს” ჩაუდგა სათავეში. მისი ხელმძღვანელობით „მიოლდემ” 2011 და 2012 წლებში ნორვეგიის ჩემპიონის ტიტული მოიგო, ხოლო 2013-ში თასიც მოიპოვა.
სულშერს ინგლისში მუშაობის მცირე გამოცდილებაც აქვს, მაგრამ ამ გამოცდილებას დადებით ემოციებთან არ აქვს კავშირი. 2014 წელს, მისი თავკაცობით „კარდიფ სიტი” პრემიერლიგიდან გავარდა, ხოლო სექტემბერში გუნდმა ახალი სეზონი ცუდად დაიწყო და ნორვეგიელი მოხსნეს.
ამის შემდეგ 2014-16 წლებში სულშერი თავისი ყოფილი აკადემიის Clausenengen-ის 19 წლამდელთა გუნდს ჩაუდგა სათავეში, 2015 წელს კი ისევ „მიოლდეში” დაბრუნდა.
ახლა ოლე გუნარ სულშერი 45 წლისაა. მან ფეხბურთელობის დროს, 11 წლის განმავლობაში, „მანჩესტერ იუნაიტედში”, 366 თამაშში 126 გოლი გაიტანა. „იუნაიტედის” შემადგენლობაში ის ექვსჯერ გახდა პრემიერლიგის ჩემპიონი, ორჯერ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასის მფლობელი და ერთხელ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული.
ბედის ირონიით, სულშერის ხელმძღვანელობით „მანჩესტერ იუნაიტედს” პირველი თამაში კარდიფში უწევს.