„მანჩესტერ იუნაიტედმა” ჟოზე მოურინიუ მაშინ გაუშვა, როდესაც გუნდი პრემიერლიგის ლიდერს „ლივერპულს” 19 ქულით ჩამორჩებოდა.
„მოურინიუ კარგავდა ქულებს და ფეხბურთელების პატივისცემას”, — დაწერა ცხელ გულზე ინგლისელმა ჟურნალისტმა ნილ ეშტონმა. მისი და მრავალი სხვა მიმომხილველისა თუ ჩვეულებრივი გულშემატკივრის აზრით ის ადრეც უნდა გაეგდოთ.
„ჟოზე მოურინიუ უკვე მესამე წელიწადს ატარებდა „იუნაიტედის” მწვრთნელის თანამდებობაზე. ის დიდ კლუბს ანადგურებდა!”
ეშტონის აზრით დიდი კლუბის განადგურებისა და დაბეჩავების ნათელი დადასტურება კვირას, ლივერპულში, „ენფილდზე” ნაცოდვილარი ფეხბურთი გახლდათ. ჟურნალისტი წერს, რომ ეს იყო სახალხო სირცხვილი, რომლის დროსაც „იუნაიტედის” მოთამაშეებმა „ლივერპულის” შესრულებით ნახეს, როგორ უნდა თამაშობდეს ნამდვილი ლიდერი.
„ლივერპულმა” ის შეხვედრა (3:1) მოიგო და მანჩესტერელები მთელი 19 ქულით ჩამოიტოვა.
ჟოზე მოურინიუ ის მწვრთნელია, რომელმაც თავის დროზე „ჩელსი” სამჯერ გახადა ინგლისის ჩემპიონი და „იუნაიტედში” მუშაობის დროს მალიმალ უყვარდა ამის წამოძახება.
„ჩელსის” მსგავსად მან „ოლდ ტრეფორდზეც” სამი ჯილდო მოიტანა, მაგრამ ეს ჯილდოები იყო ინგლისის ლიგის თასი, ინგლისისავე სუპერთასი ანუ ეგრეთწოდებული „ქომუნითი შილდი” და ევროლიგის თასი, რაც ჩემპიონთა ლიგა არ არის, მაგრამ წინა ორისგან განსხვავებით მაინც მნიშვნელოვანი ჯილდოა.
სხვათა შორის, პორტუგალიელისთვის „ქომუნითი შილდის” შეხვედრა — „ლესტერის” წინააღმდეგ 2:1 გამარჯვება — „მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცის რანგში სულ პირველი თამაში იყო.
მაგრამ, ეს იყო და ეს. „განსაკუთრებულმა” „იუნაიტედი” ვერც ინგლისის ჩემპიონი გახადა, ვერც ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა, წამყვან ფეხბურთელებთან მუდმივი კონფლიქტი ჰქონდა და სატრანსფერო ბაზარზეც სერიოზული შეცდომები დაუშვა.
პოლ პოგბასთან მის ურთიერთობაზე საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია.
ალექსის სანჩესი, რომელიც პორტუგალიელმა ედ ვუდვორდს იმ პირობით აყიდინა, რომ ჩილელი ციდან ვარსკვლავებს მოწყვეტდა, უვარგისი შენაძენი გამოდგა. არადა, „იუნაიტედმა” სანჩესი თანაქალაქელ „სიტის” ზედ ცხვირწინ ააცალა.
სხვა ფეხბურთელებთან და კლუბის თანამშრომლებთან გაუთავებელმა კონფლიქტმა (და შერიგებამ) ჟოზე საბოლოოდ სამსახურის დაკარგვამდე მიიყვანა.
არადა, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში „მანჩესტერ იუნაიტედი” ავად თუ კარგად მერვედფინალშია გასული ანუ მოურინიუს თეორიულად გამარჯვების შანსი ჯერ კიდევ ჰქონდა, მაგრამ აღარ აცადეს.
გუშინდელმა წილისყრამ მერვედფინალში „იუნაიტედს” „პარი სენ ჟერმენი” არგუნა, თავისი ნეიმარით, მბაპეთი და კავანით.
და „იუნაიტედის” შეფები „განსაკუთრებულს” ეტყობა, აღარ ენდნენ.
მისი მანჩესტერული ეპოქა დასრულდა.
ახლა გაგრძელებას ველით.