„ლივერპული“ – „ბაიერნი“, „ატლეტიკო“ – „იუვენტუსი“, აი, ის წყვილები, რის გამოც ჩემპიონთა ლიგის საგაისო მერვედფინალები განსაკუთრებით დაფასდება… ნიონში გამართულმა წილისყრამ ქომაგს სხვა ექვს წყვილთან ერთად ეს ორი გამორჩეული წყვილი არგუნა.
ლივერპული – ბაიერნი ამათ სათამაშო ფორმას თუ გავითვალისწინებთ, ამჟამად, აშკარა ფავორიტები ინგლისელები არიან, თუმცა თებერვლამდე რა იქნება, ღმერთმა უწყის… დღესდღეობით კი „ლივერპული“ არა მხოლოდ „ბაიერნთან“ მატჩის, ეგებ, მთლიანად ლიგის საუკეთესო გუნდიც იყოს. ხოლო „ბაიერნს“ ისეთი ჩავარდნა, როგორიც ახლა აქვს, დიდი ხანია არ ჰქონია და არც ისაა გამორიცხული, „ლივერპულთან“ მატჩს გერმანული გრანდი ახალი მწვრთნელით შეხვდეს.
ატლეტიკო – იუვენტუსი გავითვალისწინოთ, რომ ლიგის ფინალი სწორედ „ატლეტიკოს“ საშინაო სარბიელზე, „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ გაიმართება…
„იუვენტუსი“ კი… „იუვენტუსი“ ის გუნდია, რომელიც წლეულს რონალდუმ გააძლიერა და ბოლო ოთხი ფინალიდან ორში ითამაშა – ერთხელ „ბარსელონასთან“, მეორედ „რეალთან“.
ასევე ორი ფინალი, ოღონდ ბოლო ხუთ წელიწადში აქვს წაგებული „ატლეტიკოსაც“ და ორჯერვე „რეალთან“.
მერვედფინალის დანარჩენი გუნდები კი ასე დაწყვილდნენ:
მანჩესტერი – პსჟ, ტოტენჰემი – დორტმუნდი, ლიონი – ბარსელონა, რომა – პორტუ, აიაქსი – რეალი, შალკე – სიტი.
ფავორიტებისა და აუტსაიდერების განსაზღვრა თქვენთვის მოგვინდია…
მერვედფინალის პირველი მატჩები 12-13 და 19-20 თებერვალს შედგება, საპასუხოები 5-6 და 12-13 მარტს.