ევრა ედ ვუდვორდთან და დევიდ გილთან ერთად

„მანჩესტერ იუნაიტედის” ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი ამბობს, რომ ჟოზე მოურინიუმ მოთამაშეების 90 პროცენტის მხარდაჭერა დაკარგა. თურმე, კლუბის ხელმძღვანელები და თანამშრომლებიც მიიჩნევენ, რომ დროა მწვრთნელი შეიცვალოს.

ორი კვირის წინ, როდესაც „იუნაიტედმა” „საუთჰემპტონთან” 2:2 ითამაშა, „განსაკუთრებულმა” პოლ პოგბას ვირუსი უწოდა. „სანმა” შეიტყო, რომ სწორედ მაშინ უთხრა თავის მეგობრებს ფეხბურთელმა, რომელიც მოურინიუსთან კარგ ურთიერთობაშია, რომ მოთამაშეების 90 პროცენტი პორტუგალიელს აღარ უჭერს მხარს.

დღეს, საქართველოს დროით 20 საათზე „იუნაიტედი” „ლივერპულს” სტუმრობს და თუ მანჩესტერელთა ბანაკიდან გამოსულ ხმებს ვენდობით, გუნდში სასურველი საბრძოლო სულისკვეთება არ არის. მოურინიუს პოპულარობა გუნდის გარეთაც ეცემა.

კლუბის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, რომელსაც მწვრთნელთან კონფლიქტი მოუვიდა, განაცხადა: „ის წავა, მე კი კვლავაც დიდხანს ვიმუშავებ აქ”.

აქ, არ შეიძლება არ გავიხსენოთ, მოურინიუს აგენტისა და თანამემამულის ჟორჟი მენდისის ნათქვამი, რომ ეს ყველაფერი ტყუილია, რადგან მწვრთნელი „ოლდ ტრეფორდიდან” არსად აპირებს წასვლას და კლუბიც მისით კმაყოფილია.

ოთხშაბათ საღამოს, მოგეხსენებათ, „მანჩესტერ იუნაიტედმა” ვალენსიაში 1:2 წააგო. ჩემპიონთა ლიგის ამ შეხვედრას არ დასწრებია ვიცე-თავმჯდომარე ედ ვუდვორდი, რამაც, როგორც ამბობენ, მოურინიუ დაძაბა. ამბობენ, რომ ვუდვორდი კლუბის საქმეებზე აშშ-ში იყო წასული. იმასაც ეჭვობენ, რომ ეს ამბავი რაღაცნაირად მწვრთნელის გამოცვლას უკავშირდება.

და ახლა მივადექით ყველაზე უცნაურ ამბავს: დაირხა ხმები, თითქოს „იუნაიტედის” შფებს მოურინიუს შემცვლელად არც მეტი არც ნაკლები, პატრის ევრა ჰყავთ შეგულებული. ამ ხმებს მიაბეს ის ფაქტიც, რომ ინგლისში ევრას ავტობიოგრაფიული წიგნის გამოცემა უკვე მესამედ გადაიდო, ამჯერად 2020 წლამდე. არადა, სექტემბერში უკვე ყველაფერი მზად იყო მის მაღაზიებში გასატანად. ამბობენ, ფრანგის ავტობიოგრაფიის გამოცემა იმიტომ გადადეს, რომ ევრას მწვრთნელად დანიშვნაში ხელი არ შეშლოდაო.