რო გითხრათ, სულ არ ვგიჟდები რაჰიმ სტერლინგის ფეხბურთზე. საერთოდ, დღევანდელი ფეხბურთით გაგიჟება ძნელია. როგორც ერთმა ჭკვიანმა კაცმა თქვა: დაჟე ის იცი, მესი რას გააკეთებს, წამოვა აქედან და შევა ცენტრში.

ამის მიუხედავად. ქვეყნად ჯერ კიდევ იმდენი ფეხბურთელია, რომ რაღა რაჰიმი. ანდა, ვისაც ძველი ჯადოქრობა ახსოვს, რაღა რაჰიმი. მაგრამ ის ჩაგრული კაცი გამოვიდა. ნორმალურად უბერავს და შეჭამეს, რა კაცი ხარო.

ხდება ხოლმე, რომ ამოიჩემებენ ადამიანს. უფრო ხშირად, ფერს მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ ზოგჯერ ფერის შეფარულად დატვირთვაც ხდება ხოლმე. რატომ, არავინ იცის. ინგლისია და აქ ეგ დაახლოებით იმად ითვლება, კახური ლუდის სადღეგრძელო რომ ამბობს: ეს იმ კაცს გაუმარჯოს, აღდგომა დღეს დედის საფლავს რომ გადააბიჯებს და სიდედერის საფლავზე კვერცხს გააგორებსო.

მოკლედ, რაჰიმი ამოიჩემეს.

ვითომ, სხვა ისეთი აწყობლია, რომ რა ვთქვა. მაგის საცოლე პრაიმარკში ყიდულობს მაიკებს, როცა ამას ამხელა ხელფასი აქვსო და ასე შემდეგ. ფეხზე ამერიკული ავტომატი ემ16 დაიხატა, როგორც აგრესიულმა ტიპმა და კიდევ რამდენი, რომელთაგან, სახმაურო იყო, დედას უყიდა სახლ-კარიო.

ინგლისური მედია რაჰიმ სტერლინგს მომეტებულ ყურადღებას უთმობს. პრაიმარკი უიაფესი ჩასაცმელი მაღაზიაა, ავტომატის სვირინგი ბლატაობის ნიშანი, დედისთვის სახლის ყიდვა, დაუმსახურებლად დიდი ხელფასებით გაჯეჯილება. ასეა დღეს.

ამ უკანასკნელზე საინტერესოა, საიდან გაჩნდა ისეთი ხელფასები, დუბლების ბიჭებს რომ მილიონერებად აქცევს. თუნდაც ფულემში, საიდანაც გროშის ფასად გთხოვენ სეზონური აბონემენტის ყიდვას.

გასულ უქმეებზეც, ჩელსიმ რომ მანჩესტერ სიტის სეზონში პირველი მარცხი აგემა და ლივერპული კი პირველ საფეხურზე წაიქაჩა, სტამფორდ ბრიჯზე, რაჰიმისთვის რასისტულად უგინებიათ.
როგორც ხდება ხოლმე, ამაზე ახლა გამოძიებაა წამოწყებული. თავად ჩელსის იმდენი თეთრი კაცის არცთუ მსგავსი ფეხბურთელი ყოლია და ისეთი დროგბებით და გალასებით მიუღწევია სიმაღლეებისთვის, რომ ასეთი გინება, რბილად რომ ვთქვათ, ორმაგი სტანდარტია.

აბა, მარტო ძოლა და ტორე ანდრე ფლო ხომ არ იყვნენ.

სხვანაირად, ეს ტერასებზე შემორჩენილი სირილ რეჯისის ორმოცი წლის წინანდელი გინებაა. აქვე ითქვას, სირილი დიდი მეგოლე იყო, საბჭოურობის გამო ჩვენს მხარეში მაშინ უცნობი და შავი, დავით ქლიბაძის გადაცემებში გამკრთალი.

ახლა სულერთია, პრაიმარკში ყიდულობს გოგო მაიკებს, თუ რაჰიმმა, იამაკიაზე ადრევე მოკლული მამის ხსოვნისთვის ამოისვირნგა ფეხზე ამერიკული ავტომატი, ფიცის დადებით, რომ ამ რკინებს ხელს არასდროს მოკიდებს. საქმე ესაა, რომ რაჰიმ სტერლინგი მართლაა ამოჩემებული კაცია. ცუდად ამოჩემებული და მორჩა.

ჰოდა, სწორედ ასეა, რომ ინგლისური მედია რასიზმის მინავლულ ნაკვერჩხალზე ნავთს ასხამს.
რაჰიმზე მიყოლებით, ამას ღელავენ, რომ სიტიში ვესტ ბრომვისთვის განათხოვრებული მცველი ადარაბიოიომ და სიტის იმედისმომცემმა ფოდენმა, დედებს სახლები უყიდეს.
სასტარტოში არსად არა ყოფილან და უკვე დედებისთვის სახლებს ყიდულობენო! ლამის რაჰიმასავით.

ეჰ, პასუხი იოლია. ეს ფულის ქვეყანაა. საქმე ფულზედ მიჰყავს და თუკი არცთუ ცნობილი ბიჭები თავიანათ საყვარელ, ოდესღაც ღარიბ დედებს სახლებს ყიდულობენ, უკეთესი რაა?
ესეც დათვალე, რომ ფული უმეტესად ან არაბისაა, ან ჩინელის, ან რუსის.
მედია დახვეწილად ვერაგია. ფეხბურთელებს ასეთი ეშმაკობა ჯერ არ უსწავლიათ. განსაკუთრებით ინგლისში. ან, ნაკლებად ადარდებთ. განსაკუთრებით, ინგლისში.
იმ ბრიჯზე გინების შესახებ კი რაჰიმმა თქვა, განა რამეს სხვას ველიო?

წილი
წინა სტატიაკაცი მთვარეზე წაიქცა
შემდეგი სტატიამოკლეს!
გიო ახვლედიანი
გიო ახვლედიანს „სარბიელში“ ხუმრობით ცოცხალ კლასიკოსს ვეძახდით, თუმცა რაღა ხუმრობით, ერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ქართული პროზა გიო ახვლედიანის, იგივე აკა მორჩილაძის დროება იყო. „სარბიელში“, მაგალითად, ინგლისური პრემიერლიგის ამბებს მიმოიხილავდა ირაკლი გამყრელიძის ფსევდონიმით, საკრივო ამბებს კი ალბერტ ხაჩატურიშვილის სახელით. მეტწილად ცხოვრობს ლონდონში, „სარბიელში“ მუშაობისას კი მის ოთახში, კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე ეკიდა ჰოლმსისეული სამონადირეო ქუდი.